GEORGIAN WINE as Part of European Wine Culture

ქართული ღვინო – როგორც ევროპული ღვინის კულტურის ნაწილი

გიორგი სამანიშვილი | ენოლოგი |

მთავარი თემის ფარგლებში ვსაუბრობთ ქართული ღვინის ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში – სად ვხედავთ მის მომავალს და როგორ გვინდა, განვითარდეს ჩვენი
მევენახეობა-მეღვინეობა.

დასაწყისშივე მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა არ არის და არც არასოდეს ყოფილა ევროპულისგან განცალკევებული. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპული კულტურის ნაწილი, როგორც ანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში და თუნდაც მე-19 საუკუნეში. ჩავარდნა, რომელიც დარგმა განიცადა, საბჭოთა წარსულს უკავშირდება. ამ პერიოდში, სისტემის ცენტრალიზებულმა და „გეგმიურმა“ მართვამ, კერძო სექტორის არარსებობამ, ჩაკეტილმა ბაზარმა და სხვა ფაქტორებმა, ჩვენი დარგი ძალიან აზარალა. თუმცა საქართველოში, ღვინის ტრადიცია იმდენად ღრმაა და მდიდარია, რომ მაინც მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ბევრი ახლო თუ შორი მეზობლისგან განსხვავებით, რომლებმაც ადგილობრივი ჯიშებიც დაკარგეს, ადგილის დასახელებებიც და ტრადიციებიც და მათ აღდგენა-დაბრუნებას მეტ-ნაკლები წარმატებით მხოლოდ ახლა ახერხებენ. ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ და ვრჩებით ევროპული კულტურის ნაწილად, რადგან წყვეტა არასოდეს გვქონია, გვქონდა მხოლოდ პერიოდული შესუსტებები.

დაახლოებით, ბოლო 50 წელია, მევენახეობა-მეღვინეობა მსოფლიო კულტურად იქცა და ყველა ახალი ქვეყანა ცდილობს მიბაძოს ტრადიციულ ევროპას. ამის ფონზე, ვფიქრობ, რაც მეტად შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენი ღვინო მით უფრო გასაგები და მისაღები იქნება თუნდაც ახალი ბაზრებისთვის, რადგან სწორედ ამ ახალ ბაზრებზე სწავლობენ ძველებურ, ტრადიციულ სისტემას.

მინდა, ვისაუბროთ იმაზეც, სად გვსურს, იყიდებოდეს ქართული ღვინო. უცხოურ ბაზრებზე შედეგის მისაღწევად, პირველ რიგში, ქართული ღვინო ჩვენივე ქვეყანაში უნდა იყოს კარგად წარმოდგენილი, რადგან სწორედ აქედან ხდება ინფორმაციის გატანა-გავრცელება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო მეტად იყოს წარმოდგენილი ევროპაში, რადგან ისტორიულადაც და კულტურულადაც მისი ნაწილი ვართ. როცა ქართული ღვინო საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა თუ სხვა ტრადიციული ქვეყნების ცნობილი ღვინოების გვერდზე გვხვდება, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ ევროპულ ისტორიას და ტრადიციებს.

ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქართული ღვინო იყიდებოდეს ყველგან, თუმცა გამოვყოფ თავისუფალ, დემოკრატიულ ბაზრებს, სადაც პოზიციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია. როდესაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ერთი ტოტალიტარული ქვეყნიდან მეორეზე გადართვა ვერ იქნება ჩვენთვის სტაბილურობის გარანტი. ამიტომ, ბევრად უმჯობესია, დემოკრატიული ბაზრებისკენ სვლა, რადგან იქ არა ხელისუფლების პოლიტიკაზე, არამედ სწორედ მომხმარებელზეა დამოკიდებული, კარგად გაიყიდება თუ არა ღვინო. ასეთ ბაზრებზე შესვლა ბევრად რთული, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის.

ლევან უჯმაჯურიძე | სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. პროფესორი. აკადემიკოსი: ჩვენთვის უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც ევროპული, ისე სხვა ბაზრები, მაგრამ ამისთვის საქართველო რამდენიმე მოცემულობის გათვალისწინებით უნდა იყოს მზად. ბატონმა გიორგიმ ახსენა ის მწარე საბჭოთა რეალობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში, როდესაც ძირითადი აქცენტი მხოლოდ რამდენიმე ჯიშზე კეთდებოდა, მაშინ როცა ჩვენ ვართ ქვეყანა 8000 წლის უწყვეტი მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციით და ვაზის მოშინაურების (დომესტიკაცია) 11 000 წლის ისტორიით, რაც მეცნიერულად უკვე არის დამტკიცებული.

ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო და გვაქვს შესანიშნავი გენოფონდი 525 ჯიშით, რომელთაგან შესაძლოა, ყველამ ვერ დაიკავოს ადგილი ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზრებზე, მაგრამ ჯიშური მრავალფეროვნება, რომელიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი და ამავე დროს, მისი დღევანდელობა, აწმყო და მომავალია, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის კარგი მაგალითია ის, რომ დღეს, მეღვინეობის წამყვანი კომპანიების მხრიდან ხდება ჯიშური დივერსიფიცირება, ანუ ძლიერდება სანედლეულო ბაზა; გადამწყვეტი უპირატესობა ენიჭება რეგიონების წამყვან ჯიშებს, რასაც ხელს უწყობს საქართველოს გამორჩეულად კარგი აგროკლიმატური პირობები; დაცული ადგილწარმოშობის დასახელებები, რომელთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა და უფრო მეტიც უნდა იყოს; ტექნოლოგიები – ტრადიციული და ევროპული; და რაც მთავარია, ორიენტირება ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

მოგეხსენებათ, ჩვენი ვენახების ფართობების წილი მსოფლიო ფართობებთან მიმართებაში ძალიან მცირეა, მაგრამ არსებულის სწორად დაგეგმვითა და ჯიშური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ნამდვილად შეგვიძლია, კარგ შედეგებს მივაღწიოთ. ჩვენს ჯიშებს გააჩნიათ უნიკალური პოტენციალი, იმისთვის, რომ მათთან როგორც ტრადიციული, ისე ევროპული ტექნოლოგიებით ვიმუშაოთ და საუკეთესო შედეგები შევთავაზოთ ჯერ ქართველ მომხმარებელს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გავიდეთ იმ ბაზრებზე, სადაც აუცილებლად უნდა დავიმკვიდროთ ადგილი ხარისხის უმაღლესი ნიშნით.

როგორც აღვნიშნე, ჯიშური მრავალფეროვნება ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. ვაზის წამყვანი ჯიშების, მათ შორის, საფერავისა და რქაწითელის გვერდით, ჩვენ არაერთი საინტერესო ჯიში გვაქვს: კახეთის რეგიონში წითელყურძნიანი სიმონასეული, ანდა ახმეტის წითელი, თეთრებში – კახური მცვივანი, გრძელმტევანა, საფენა; ქართლში – ჯვარი, ბუზა, დანახარული, იმერეთში – შესანიშნავი შესაძლებლობების ჯიშები ადანასური და მგალობლიშვილი, თეთრყურძნიანიდან კი კაპისტონი თეთრი, კუნძა, რომლებიც იმ კატეგორიაში გადის, რომელშიც შარდონე და სოვინიონია. გურიაში – ჩხავერი, საკმიელა, ჯანი, სამეგრელოში – ოჯალეში, ჭვიტილური, აფხაზური ჯიშები – კაჭიჭი, ავასირხვა და ძალიან საინტერესო ჯიში ლაკოიაჟი, რომელიც თავისი ჰარმონიული გემური მახასიათებლებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება ცნობილ წითელყურძნიან ჯიშებს. ეს პოტენციალი სანედლეულო ბაზის სახით აუცილებლად უნდა გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი ახალი ვენახი გაშენდეს ჩამოთვლილი და მევენახეობის სხვა რეგიონების უნიკალური ჯიშების გათვალისწინებით. მთავარია, ხარისხიანი ყურძენი და როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები, დანარჩენი კი მეღვინის ხელოვნებაა, რომელმაც გემოები შეულამაზებლად უნდა გადაიტანოს ჯერ ბოთლში, შემდეგ კი ჭიქაში.

პირველ რიგში, სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, თუ “ვინ” (და არა – “რა”) უნდა გავაცნოთ და შევთავაზოთ მსოფლიოს. სწორედ „ვინ“, რადგან ღვინო ცოცხალი ორგანიზმია.

გიორგი სამანიშვილი: ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უპირატესობებს შორის ერთ-ერთი სწორედ ჯიშური მრავალფეროვნებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენ ვართ მეღვინეობის ძველი კულტურის ქვეყანა.

გიორგი მარგველაშვილი | კომპანია „თბილღვინო“: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქართულმა მეღვინეობამ ხარიხსობრივად და რაოდენობრივად მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა. გასაგებია, რომ რაოდენობრივი განვითარება, ძირითადად, მაინც ტრადიციულ ბაზრებზე მოხდა, სადაც საქართველო, ბოლო 100 წლის განმავლობაში დიდ წილ ექსპორტს ახორციელებდა, მაგრამ ვიცით ისიც, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია მეტი ფოკუსირება დახვეწილ ბაზრებზე. რომელია ეს დახვეწილი ბაზრები? შევხედოთ მსოფლიო იმპორტის სტატისტიკას: არის 10 ქვეყანა (შეგვიძლია, ოცზეც ვისაუბროთ, მაგრამ უფრო ლაკონურები რომ ვიყოთ, სჯობს, ვკონცენტრირდეთ ათზე), რომლებიც ყველაზე ღია და გახსნილია უცხო ქვეყნის ღვინოებისთვის. მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, შვეიცარია, იაპონია, ჰოლანდია. ამ ათეულში რუსეთი არ შედის, რადგან ის ხან მეთერთმეტე, ხან კი მეთორმეტეა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ღვინოს ამ ბაზრების ათვისების პოტენციალი ჯერ კიდევ წინ აქვს. ამ ქვეყნებში ჩვენი ღვინოების ცნობადობა მაღალია მხოლოდ ღვინის სპეციალისტების, მეღვინეების, ღვინის მწერლების, ღვინის დარგში დაკავებული ადამიანების წრეში, მაგრამ ღვინის მოყვარულთა ძირითადი ნაწილი ქართულ ღვინოს ჯერ კიდევ არ იცნობს.

რა მარგალიტები გვჭირავს ხელში იმისთვის, რომ შევიდეთ ამ ბაზრებზე: მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ისტორია და ეს უბრალოდ ისტორია არ გახლავთ. ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ გამოვიყვანეთ ძლიერი ჯიშები, მოვძებნეთ საუკეთესო ადგილწარმოშობის ზონები. გვაქვს უნიკალური მეთოდით დაყენებული ქარვისფერი ღვინოები, რისი მოთხოვნის ტენდენციაც მსოფლიოში წლიდან წლამდე მატულობს. სწორედ ქართველებმა აღმოვაჩენინეთ მსოფლიოს ღვინის დაყენების ეს უნიკალური წესი და დღეს ვხედავთ, რომ ამ კატეგორიის ღვინის გაყიდვებში სხვა ქვეყნები გვისწრებენ. მსოფლიოს არაერთ წამყვან რესტორანში, ღვინის ბარათში შეხვდებით ქარვისფერი ღვინოების კატეგორიას სლოვენიური, ანდა ავსტრიული ღვინოებით და ამავე კატეგორიაში არ არის ქართული ღვინო, არადა, აუცილებლად უნდა იყოს.

რაც ეხება ამავე ბაზრებზე პოზიციონირებას, 1. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ მსხვილი მწარმოებლები ჯერ ერთი წითელყურძნიანი ჯიშით ვიქნებით წარმოდგენილი. მიუხედავად ჩვენი მრავალფეროვნებისა, უცხოურ ბაზარზე ბევრი ჯიშით შესვლამ შესაძლოა, ფოკუსის დაკარვა და მომხმარებლის დაბნევა გამოიწვიოს. როდესაც გვაქვს ისეთი მძლავრი ჯიში, როგორიც საფერავია, შეგვიძლია მისით დავიწყოთ და ისიც ვთქვათ, რომ ამ ჯიშის კარგად გაცნობის შემდეგ, მომხმარებელს კიდევ არაერთი ქართული წითელყურძნიანი ჯიშის გაცნობის შესაძლებლობა ექნება. 2. ქარვისფერი ღვინო – აი, აქ კი შეგვიძლია, ბევრი თეთრი ჯიში გავაცნოთ უცხოელებს – მათ შორის, რქაწითელი, ქისი, კახური მწვანე. თუმცა ქარვისფერი ღვინის წარდგენისას უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია სტილზე აქცენტის გაკეთება.

გიორგი სამანიშვილი: ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა ისიც არის, რომ საფერავიც და ქარვისფერი ღვინოც უცილებლად მოხვდეს სადეგუსტაციო სკოლების სწავლებაში. მაგალითად WSET-ში ეს მეოთხე დონეზე ისწავლება, თუმცა უკეთესი იქნება თუ მესამეზე დონეზეც იქმნება.

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს იმის სამართლიანი ამბიცია, ქართული ღვინო დახვეწილი ღვინოების (Fine Wine-ს) კატეგორიაში წარვადგინოთ. საქართველოში არიან მწარმოებლები და ასეთები აქაც ვართ შეკრებილნი, რომლებსაც გვაქვს სწორედ ამ კატეგორიის ღვინოების წარმოების შესაძლებლობა. ამავე კატეგორიაში ჩვენთვის ბევრად მეტი თავისუფალი სივრცეა ადგილის დასამკვიდრებლად, ვიდრე დემოკრატიულ საფასო კატეგორიაში, სადაც უკვე ვართ წარმოდგენილები და სადაც უნდა გვქონდეს ფასის მაღლა აწევის ამბიცია. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი გაცნობა სწორედ Fine Wine-ს მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებით სჯობს, სადაც მომხმარებელი უფრო ღიაა სიახლეებისთვის.

გიორგი სამანიშვილი: გეთანხმებით, რომ დახვეწილი ღვინოების კატეგორიის მხრივ, საქართველოში ნამდვილად გვაქვს წინსვლა. თუნდაც 20 წლის წინ, ამ კატეგორიის ღვინო ნაკლები გვქონდა და არც ქართული ღვინის იმიჯი იყო საკმარისად მაღალი.

გიორგი მარგველაშვილი: ორი წლის წინ, წინანდალში, „ქვევრის ღვინის სიმპოზიუმზე“ იყო მსჯელობა იმის შესახებ, უნდა შედიოდეს თუ არა ქვევრის ღვინო Fine Wine-ს კატეგორიაში. იქ წარმოდგენილი ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე, თურმე ამავე კატეგორიაში მოსახვედრად ხუთი კრიტერიუმი არსებობს. აქვე გეტყვით, რომ ქვევრის ღვინო ხუთივეს სრულად აკმაყოფილებს: 1. მეღვინეს, რომელიც ღვინოს ქმნის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა/ჩანაფიქრი (მაგალითად, აგრძელებდეს მამა-პაპისეულ ტრადიციას, ან გადაწყვეტილი ჰქონდეს, იშვიათი ყურძნის ჯიში გააცნოს მსოფლიოს და სხვა). 2. ღვინოს უნდა ჰქონდეს დაძველების პოტენციალი. ის უნდა ვითარდებოდეს არა მხოლოდ ბოთლში, არამედ ჭიქაშიც. 3. ღვინოს უნდა ჰქონდეს მოპოვებული აღიარება (მასზე უნდა წერდნენ გამოჩენილი ღვინის მწერლები, იყოს გამარჯვებული კონკურსებში და სხვა), 4. Sustainability – ღვინო უნდა იქმნებოდეს გარემოსთან ჯანსაღ პირობებში, 5. და რაც ალბათ ყველაზე სუბიექტურია, როდესაც მიირთმევთ Fine Wine-ს კატეგორიის ღვინოს, ის აუცილებლად უნდა გაყენებდეთ ამაღლებულ განწყობაზე.

გიორგი პირადაშვილი | კომპანიები “ვინივერია” და “შატო მერე”: მსურს, შევეხო ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის საკითხს იმ ქვეყნებში, რომლებიც გიორგი მარგველაშვილმა ახსენა. მართალია, რაოდენობრივი ზრდა სახეზეა, მაგრამ ეს მაინც იგივე მაჩვენებელია, რომელშიც უკანასკნელი წლებია ვტრიალებთ.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, ღვინო სტრატეგიულ პროდუქტად არაერთი ქვეყნისთვის იქცა. ჩვენი ქვეყნისთვის კი ის ყოველთვის წარმოადგენდა ასეთ პროდუქტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, დარგის წარმომადგენლებმა შევიმუშავოთ ისეთი სტრატეგია, რომელიც ქართულ ღვინოს გახდის კიდევ უფრო ცნობილს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ღვინის თითოეული პროფესიონალი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული ღვინის ელჩია, ამიტომ, ყოველთვის უნდა შევძლოთ, ქართული ღვინო მათ ღირსეულად წარვუდგინოთ. ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით ეს მიდგომა კარგ შედეგს მოგვცემს. ნამდვილად არ გვაქვს ფუფუნება, ჩამოვრჩეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც მუდმივად წინსვლისკენ ისწრაფვიან.

რაც ეხება ბატონი გიორგის მოსაზრებას უცხოურ ბაზრებზე მხოლოდ ერთი ჯიშითა და კატეგორიით პოზიციონირებასთან დაკავშირებით – მსხვილი მწარმოებლებისგან განსხვავებით, საშუალო და მცირე მეწარმეების ამავე ბაზრებზე ბევრი ჯიშით შესვლით პრობლემას ვერ ვხედავ. მომხრე ვარ მაქსიმალური მრავალფეროვნების, რათა მომხმარებლებს საშუალება მივცეთ, მეტი ისაუბრონ ქართულ ღვინოზე.

ლევან უჯმაჯურიძე: მით უმეტეს, ჯიშური თვალსაზრისით, ამის ამოუწურავი შესაძლებლობა გვაქვს.

გიორგი პირადაშვილი: ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ ყველა სტერეოტიპი და განვვითარდეთ ისე, რომ სწორად და ეფექტურად მოვერგოთ იმ ღვინის მოყვარულთა გემოვნებას, რომლებიც გვსურს, იყვნენ ჩვენი მომხმარებლები. ამისთვის მათ აუცილებლად უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის საინტერესო პროდუქტი.

ლევან ბანძელაძე | მეღვინეობა „მარბანო“: გეთანხმებით, რომ მაღალი ხარისხის ღვინოების კატეგორიაში მოხვედრის შესაძლებლობა ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს. ისიც ფაქტია, რომ მეღვინეთა დიდი ნაწილი თუნდაც ბოლო ათი წელი, აქცენტს სწორედ მაღალ ხარისხზე აკეთებს. ფაქტობრივად ყველა რეგიონში სულ უფრო სწორად ხდება ვენახების გაშენება – შესაბამის ნიადაგებზე შესაბამისი ჯიშებით.

მარბანოს გარდა, 37 ქართველი მცირე და საშუალო მწარმოებლის ღვინის ექსპორტს ვახორციელებთ ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც მაქსიმალურად ვტვირთავთ კარგი ხარისხის მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ძირითადი წილი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) მოდის, რადგან ჩვენი კომპანიის პარტნიორი ლატვიელი გახლავთ. თანაც, ბალტიისპირეთში საქართველოსაც კარგად იცნობენ და ჩვენს ღვინოსაც. ჩვენს პორფელში არსებული ქართული ღვინოები პორტუგალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გადის. ვმუშაობთ ჰაბის შექმნაზე გერმანიაში, რათა ღვინის შეტანა ცენტრალურ ევროპაში უფრო გაგვიადვილდეს.

მარბანოს გარდა, ჩვენს პორტფელშია ვილა მოსავალის, სოლომნიშვილის მეღვინეობის, ნარეკლიშვილის მარნის, თიკო ისთეითის, ნაფერის, ამბრას, სოლომონეს და სხვა მარნების როგორც წყნარი, ისე ცქრიალა ღვინოები და პეტ-ნატები. ჩვენი მთავარი მიზანი HoReCa სექტორში შესვლაა, რასაც აქტიურად ვახორციელებთ კიდეც. ჩვენი სომელიეები მუდმივად აწყობენ ქართული ღვინოების პრეზენტაციებს ქართულ კერძებთან ერთად. ეს მიდგომა ეფექტურად მუშაობს. ბოლო ორი წელია, ბევრი შრომა ჩავდეთ, რათა ქართული ღვინო არაერთ ცნობილ, მათ შორის, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში, ასევე ღვინის ბარსა თუ მაღაზიაში მოხვედრილიყო. რაც ეხება მაღალი კლასის რესტორნებს, ქართული ღვინო იქ ფრანგული და იტალიური ღვინოების გვერდით არის წარმოდგენილი.

ძალიან გვეხმარება ასორტიმენტის მრავალფეროვნება, რომლის მეშვეობით ადვილად შეგვიძლია, მოვერგოთ ყველანაირი გემოვნების როგორც ობიექტს, ისე მომხმარებელს. უახლოეს გეგმებშია ქართული ღვინის ორი მაღაზიის გახსნა ლატვიაში. მომდევნო ოთხი-ხუთი წლის ჭრილში კი ათამდე ქართული ღვინის მაღაზიის გახსნა ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

და მაინც, ყველაზე დიდი პრობლემა ევროპულ ქვეყნებში ქართული ღვინის დაბალი ცნობადობაა, რაზეც ნამდვილად ბევრი გვაქვს სამუშაო.

გიორგი სამანიშვილი: ის, რაც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, ადასტურებს ბატონების გიორგი მარგველაშვილისა და გიორგი პირადაშვილის მოსაზრებებს, რომ თითოეულ სეგმენტში შესაბამისი და სწორი სტრატეგიით მუშაობაა საჭირო. აქვე დავძენ, რომ იმ სეგმენტში, რომელიც ბატონ ლევანს აქვს არჩეული – მცირე და საშუალო მწარმოებლები და ჯიშური მრავალფეროვნება – აუცილებელია, ღვინოები განსაკუთრებით სწორად იყოს შერჩეული.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის პროფესიონალების ასეთი ჩართულობა. სწორედ მათ უნდა აკეთონ ეს და არა სახელმწიფომ, ან „კვაზი“ სახელმწიფო ორგანიზიაციამ, რადგან ის შეცდომები, რომლებიც შეიძლება იყოს დაშვებული, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოდიოდეს, რადგან მათ შერჩევის კრიტერიუმი გაწერილი აქვთ და აკლიათ მოქნილობა. კერძო სექტორს კი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს.

იაგო ბიტარიშვილი | “იაგოს ღვინო”: ევროპული ბაზარი რომ მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, ჩემმა კოლეგებმა ამის არაერთი არგუმენტი უკვე მოიყვანეს. ბაზარი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს როგორც პროდუქტზე, ისე ქვეყანაზე. კოლეგებმა უკვე ისაუბრეს საბჭოთა წარსულსა და მისი ნეგატიურ გავლენებზეც, თუმცა ქართული ღვინო საბჭოთა პერიოდამდეც იყო და შემდეგაც რჩებოდა ევროპული კულტურის ნაწილად, რასაც მოწმობს თუნდაც ისეთი ძველი მარნები, როგორებიც მუხრანი, ანდა წინანდლის მამულია. ისიც კარგად გვახსოვს, 15 წლის წინ, საქართველოში ერთი ღვინის ფესტივალიც არ გვქონდა, არ იყო ღვინის ბარებიც. ევროპასთან და ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებამ ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა თავიდან გააჩინა.

ვენახი და ღვინო ჩვენი იდენტობის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ და შემოვინახეთ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში, ზოგიერთ რეგიონში ვენახები სხვა კულტურებით ჩანაცვლდა, ხალხური სელექცია იმდენად ძლიერი იყო, რომ მაინც მოხერხდა ძველი ჯიშები გადარჩენა და შეანარჩუნება.

დღეს, ჩვენ უდავოდ დიდი პროგრესი გვაქვს. უბრალოდ, ეს პროგრესი არ გვაკმაყოფილებს, თორემ იმასთან შედარებით, სადაც 20 წლის წინ ვიყავით, ნამდვილად დიდი ნაბიჯებია გადაგმული. რამდენი ღვინის ფესტივალი გვაქვს უკვე ქვეყანაში, თბილისი სავსეა ღვინის ბარებით, და რაც მთავარია, მაღალია ღვინის ხარისხი. ამ პროგრესისთვის, წლების განმავლობაში, ამ დიალოგში მონაწილეებმა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი ვაკეთეთ. ჩვენზე მეტ სიტყვას ახალი თაობა იტყვის, რომელსაც განათლება ევროპაში აქვს მიღებული, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, მცირე მარნებს თავის დროზე არ გვქონდა.

იმასაც ხომ ვაკვირდებით, რომ ღვინოები, რომლებიც ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზეა ორიენტირებული, როგორ განსხვავდება როგორც სტილით, ისე ეტიკეტით იმ ღვინოებისგან, რომლებიც ევროპაში გადის. ევროპულ ბაზარზე სულ სხვანაირი კულტურაა, რომელიც შენც გზრდის ბიზნესის კულტურისა და ღვინის ხარისხის თვალსაზრისით.

ამავე ბაზარზე მთავარ გამოწვევად კვლავ ჩვენი ცნობადობა რჩება – როგორც ქვეყნის, ისე ღვინის და როგორც ღვინის ქვეყნის. ამ გამოწვევას მცირე თუ დიდი მარნები მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ დაძლევენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. თუმცა აქაც გვაქვს პროგრესი: კარგად მახსოვს, წლების წინ, გამოფენებსა და ფესტივალებზე მონაწილეობისას, ქვევრს რომ ვახსენებდი, წარმოდგენა არავის ჰქონდა, რაზე ვსაუბრობდი. მეც და სხვა მეღვინეებსაც გვიწევდა ახსნა, რომ ეს არის ამფორის მსგავსი თიხის ჭურჭელი. დღეს, სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს – უფრო მეტად გვიცნობენ ჩვენც და ქართულ ქვევრსაც.

ჩვენ ვართ საინტერესო ევროპისთვის და გეტყვით, რატომ: მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ევროპულ ფასეულობებსა და კულტურას, ჩვენ ღვინოს მაინც თავისი განსხვავებული ხასიათი, ისტორია და ტექნოლოგია გააჩნია, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ჯიშებზე. მაგალითად, ვსხედვართ რომელიმე ცნობილ რესტორანში, პარიზში, ან თუნდაც ლონდონში, სადაც გვთავაზობენ რომელიმე ქვეყნის ღვინოს. ხომ დავინტერესდებით, რატომ გვთავაზობენ? მხოლოდ იმიტომ, რომ შარდონეა, თუ ამ ღვინოს რამე ისტორია აქვს? ისტორია კი ქართულ ღვინოს ძალიან დიდი აქვს, ისევე როგორც რომანტიზმი – მიწაში ჩადებულ თიხის ჭურჭელშია დამზადებული განსხვავებული ტექნოლოგიით, განსხვავებული ჯიშით, რომელიც განსხვავებულ ტერუარშია მოყვანილი. ალბათ ამიტომაც ხდება, რომ ზოგიერთმა ქართულმა ღვინომ წამყვან რესტორნებში მარკეტინგის გარეშეც დაიკავა ადგილი, რადგან ასეთ ღვინოზე არსებობს მოთხოვნა. თუმცა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვერ იქნება მასობრივი სურათის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

რაც შეეხება ბუნებრივ ღვინოს – ეს აბსოლუტურად ცალკე კატეგორიაა და იმ მეღვინეებმა, რომლებიც სწორედ ბუნებრივ ღვინოს ვაყენებთ, გარკვეული წვლილი ნამდვილად შევიტანეთ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში. წლების წინ, როცა პირველად დავიწყე ღვინის ექსპორტზე გატანა, საზღვარგარეთაც არ ვიყავი ნამყოფი. იტალიური კომპანია „ველიერის“ წარმომადგენელი ღვინის საძიებლად საქართველოში ჩამოვიდა და ისტორიაც ასე დაიწყო.

2012 წელს, პირველად ჩავედი საფრანგეთში, ლუარაში. მაშინ იქ ბუნებრივი ღვინის მხოლოდ ორი ფესტივალი იყო. წელს, თებერვალში ვიყავი და იცით, 4 დღის განმავლობაში რამდენი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართა? – 12. ეს რაზე მიანიშნებს?! იმაზე, რომ ბუნებრივ ღვინოზე მოთხოვნა მაღალია მათ შორის, წამყვან რესტორნებში. იმაზეც, რომ ღვინის ცნობილი გამოცემები სულ უფრო მეტს წერენ ბუნებრივ ღვინოებზე.

ბუნებრივი ღვინოები განსხვავებული და მნიშვნელოვანი სეგმენტია. თუ ქართველი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები ღვინის კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებას დაიწყებენ, ცხადია, იმპორტიორები მათ ღვინოებს აღარ იყიდიან და ქვეყნის გარეთ არ გაიტანენ. ამით საქართველო დაკარგავს ბაზრებს, სადაც ასეთ ღვინოებზე მაღალი მოთხოვნაა და ჩვენ სხვა ქვეყნები ჩაგვანაცვლებენ.

ბუნებრივი ღვინო ცალკე საბაზრო სეგმენტია, რომელსაც ვფიქრობ, ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან თავის გზაზე მიდის.

გიორგი სამანიშვილი: ამ სეგმენტს მეც კარგად ვიცნობ. ბევრ გამოფენაზე დავიდოდი და დავდივარ, რადგან როგორც პროფესიონალს, ყოველთვის მაინტერესებს ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინეების მიდგომები.

ბუნებრივი ღვინის ფესტივალებზე საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი. ქართულ სტენდთან მოდიოდნენ ფრანგები, ესპანელები და სხვა დიდი ქვეყნების მეღვინეები (უფრო ფრანგები აქტიურობდნენ), რათა მიეღოთ ცოდნა ასეთი საინტერესო ღვინოების დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. უკვე მაშინ ჩანდა წარმატება: ბუნებრივი ღვინის მაძიებლები ჩამოდიოდნენ საქართველოში, ეძენდნენ ამ სტილს და პოულობდნენ ბევრ ქართულ მარანში. მაშინ, პირველი თაობის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები საქართველოში ძალიან პოპულარულები გახდნენ. ამ სეგმენტმა აქტიურად დაიწყო ზრდა. ვნახეთ ისიც, რომ ბევრმა „არც ისე“ ბუნებრივი ღვინის მწარმოებელმა მოინდომა ამავე სეგმენტში თავის დამკვიდრება, მაგრამ მოხდა ბუნებრივი შერჩევა და დარჩნენ ის მეღვინეები, რომლებიც დღემდე აწარმოებენ ამ სტილის ღვინოებს. ეს სეგმენტი დღესაც წარმატებულად ითვლება.

ლევან უჯმაჯურიძე: უნდა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, მართალია, ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდება, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. რაც ეხება უცხოეთს – ჩვენი მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება არის უმნიშნელოვანესი, თუნდაც კარდაკარის პრინციპით.

გიორგი მარგველაშვილი: ამის პასუხად შემიძლია, დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოვიყვანო, სადაც „თბილღვინოს“კარგი ისტორია აქვს. 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩვენი ღვინო პირველად მოხვდა ღვინის მუზეუმ Vinopolis-ის ტერიტორიაზე არსებულ ღვინის მაღაზია Majestic-ში (მაღაზიათა ერთ-ერთი დიდი და ძველი ქსელი ინგლისში). შემდეგ იყო კომპანია Marks & Spencer, რომელმაც 11 წლის წინ, თავისი ქსელისთვის ჩვენი ქვევრის რქაწითელი შეარჩია. ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირებას განსაკუთრებული სერიოზულობით ხელი ორი წლის წინ მოვკიდეთ. ამავე ქვეყანაში გყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი Berkmann Wine Cellars LTD. თავიდან, მათ ასორტიმენტში ჩვენი ღვინო ერთ-ერთი მორიგი ეგზოტიკური ქვეყნის ღვინოდ აღიქმებოდა. მოგვიანებით, შევთანხმდით, უფრო სერიოზულად მოვკიდებოდით ამ საკითხს და ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოკითხული ბრიტანელების მხოლოდ 2%-ს აქვთ გასინჯული ქართული ღვინო, 90% – ღიაა სიახლეებისთვის, 50%-ზე მეტი კი ქართული ღვინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ეს კარგ შესაძლებლობად ჩავთვალეთ და რაც შევძელით გაგვეკეთებინა ჩვენს პარტნიორებთან ერთად იყო ის, რომ გამოვყავით ბიუჯეტი და საკომუნიკაციო კამპანია განვახორციელეთ. კამპანიის მიზანი იყო HoReCa სექტორში ღვინით დაინტერესებულ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიგვეწვდინა ხმა და მათ ჩვენი ღვინოები გაესინჯათ. შედეგად გაყიდვებში 70%-იანი ზრდა მივიღეთ. ბრიტანელები არასოდეს ელოდებიან ტედენციების შექმნას, ისინი მათ თავად ქმნიან, რადგან არც თავდაჯერებულობა აკლიათ და არც საკუთარ გემოვნებაში ეპარებათ ეჭვი.

ასევე, უნდა აღინიშნოს ქართული გასტრონომიის როლი და მნიშვნელობა. ქართული ღვინო უნდა ისინჯებოდეს ქართულ კერძთან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართული რესტორნებში, რომელთა რაოდენობის ზრდა დადებითად მოქმედებს როგორც ჩვენი ღვინის, ისე სამზარეულოს პოპულარიზაციაზე. ამავდროულად, ქართული ღვინო შესანიშნავად წყვილდება როგორც ევროპულ, ისე აზიურ სამზარეულოსთან. ავიღოთ თუნდაც „იაგოს ღვინო“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რესტორანში შეხვდებით.

როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ღვინოს სვამ, „სვამ“ იმ ქვეყნის კულტურასა და ისტორიას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ტურიზმის მეტად განვითარება, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად მომხიბლავი გახდეს უცხოელებისთვის.

გიორგი სამანიშვილი: დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთაშორისო ორგანზიაცია GIZ, რომელიც მრავალი წელია, საქართველოში მუშაობს და მნიშვნელოვანი კვალი დაატყო ღვინის სექტორს. მათი მხარდაჭერით შეიქმნა ღვინის ლაბორატორია, სადეგუსტაციო კომისია, კანონმდებლობის რეფორმა, ჩატარდა ტრენინგები და სხვა. რუსეთის ემბარგომდე, დარგისთვის ძირითადი მხარდაჭერა სწორედ GIZ-დან მოდიოდა. ხორციელდებოდა გაცვლითი პროგრამები – ჩვენი მეღვინეები ჩადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს კი სხვა ქვეყნის მეღვინეები სტუმრობდნენ.

იაგო ბიტარიშვილი: როგორც ქვეყნის იმიჯია მნიშვნელოვანი ღვინისთვის, ისე ღვინის ხარისხია მნიშვნელოვანი ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად.

https://www.instagram.com/homelandofwinemagazine

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Prev
WINERY AKURELI – A Traditional, family-owned winery in the heart of Kakheti

WINERY AKURELI – A Traditional, family-owned winery in the heart of Kakheti

| Homeland of Wine Magazine | In the ancient homeland of wine, Kakheti, Georgia,

Next
GEORGIAN WINE AS A PART OF EUROPEAN CULTURE

GEORGIAN WINE AS A PART OF EUROPEAN CULTURE

| Real Opportunities for Positioning in Democratic Markets and Entering the Fine

You May Also Like
Total
0
Share
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.