კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შედგა

300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი სტუმარი მეღვინეობის ქალაქში

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ღვინის მოყვარულებს დაუბრუნდა. ღონისძიება ტრადიციადქცეულ ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს მეღვინეობის ქალაქმა ახტალის პარკში უმასპინძლა. ფესტივალის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, უცხოელი და ქართული საზოგადოებისთვის ღვინის კულტურისა ქართული ტრადიციების გაცნობა წარმოადგენდა.


წელს ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა – 300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი როგორც ქართული ისე უცხოეილ სტუმარი. ფესტივალი სხვადასხვა პროდუქციას – ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელის გამოფენა-გაყიდვას მოიცავდა, რომელსაც სპეციალურად შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა.


შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. ახტალის პარკში წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, ფესტივალზე მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ და სხვადასხვა საბავშვო თამაში.


„ღვინის დღეების ფარგლებში, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად ამ ქუდისა და ქოლგის ქვეშ გაიმართა საერთაშორისო ღვინის კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC), სადაც 150-ზე მეტი მეღვინე და 487 ქართული ღვინო მონაწილეობდა. ამ კონკურსის საქართველოში ჩატარება უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს კონკურსი ლონდონის გარეთ პირველად ჩატარდა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. აღნიშნული კონკურსი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება დღევანდელ ფესტივალს, 200-ზე მეტი მეღვინეა წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის მასშტაბურობას. დღევანდელ დღე კიდევ ერთხელ, პოპულარიზაციას უკეთებს ღვინის დღეებს, ღვინოს, გურჯაანს, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტს და ჯამში ქართული ღვინის დღესასწაულს,“ – განაცხადა ფესტივალის იდეის ავტორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.


ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 20 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს მასპინძლობდა.


„ფესტივალს სულ 350-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, თუმცა აქედან 200 მეღვინეობა იყო. მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და ასევეა, ფესტივალზე მოსულ სტუმართა რაოდენობაც. წელს ფესტივალი International Wine & Spirit Competition (IWSC) კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომელიც ევროპაში პირველად, საქართველოში ჩატარდა და ამ საერთაშორისო კონკურსში ქართველებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლისთვის თვითონ ფესტივალიც საერთაშორისო გახდება და შესაბამისად, მონაწილეებიც არამხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც იქნებიან. დღეს კი გვსტუმრობენ ტურისტები, დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსი და ა.შ.“ – განაცხადა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ეკა ცისკარაშვილმა.


“ჩვენი ღვინის კომპანია „ კარდანახი 1888“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დაარსების დღიდან იღებს მონაწილეობას. წლევანდელ ფესტივალზე International Wine & Spirit Competition კონკურსში წარდგენილი ღვინოებიდან ორივე ვერცხლის მფლობელმა ღვინომ („ კარდანახი“ და „წარაფი“) დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. ჩვენი კომპანია აწარმოებს 25 დასახელების ღვინოს სოფელ კარდანახში, რომელიც არის ერთადერთი სოფელი საქართველოში, სადაც 3 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა როგორიცაა, ახოები, წარაფი და კარდანახი,“ – აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი მონაწილე კომპანია „კარდანახი 1888“ დამფუძნებელი მალხაზ მახოშვილი.


„ჩვენი კომპანიიდან „რანინა კახურმა“ International Wine & Spirit Competition კონკურსში ოქროს ჯილდო მიიღო. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის კონკურსები საქართველოში შემოვიდა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ღვინის დღეების ინიციატივა კარგია, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, რომელიც კიდევ უფრო ფართო მასშტაბებსა და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. დღევანდელი ფესტივალი ითვალისწინებს როგორც დეგუსტაციას, ასევე გაყიდვებს, თუმცა ჩვენ ორიენტირებულები ვართ ექსპორტზე. ეს ჯილდოც საექსპორტოდ გამოდგება, ჩვენს პარტნიორებთან საკომუნიკაციოდ,“- გვითხრა „გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მონაწილემ „დუგლაძეების“ კომპანიის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესო თევდორაშვილმა.

პოპულარული ღვინოების ქინძმარაულის, ხვანჭკარას, წინანდლის გვერდზე განსხვავებული არომატისა და გემოს სასმელიც გამოჩნდა. ვაშლის წვენის დადუღებით მიღებული ხილისკენკროვანი ღვინო – ცოცხალი სიდრი, სიახლეა ქართულ ბაზრისთის.
„სიდრი ვაშლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სასმელია, რომელიც ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა. ის ახალი სასმელია და დღეს ქართველი მომხმარებლისთვის ნაკლებად ცნობილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, რადგან უკეთ დაგვენახა რამდენად მოთხოვნადია დღეს სიდრი. მართალია, ქართველმა მომხმარებელმა არ იცოდა სიდრის შესახებ, თუმცა მას ეცნობოდა არომატი, გემო და ფესტივალზე სიდრი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა,“ – გვითხრა ფესტივალზე მონაწილე, „სიდრის კლუბი ბაზალეთის“ დამფუძნებელმა ზაალ ხელაძემ.


ფესტივალზე სტუმრების განწყობაზე დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, მუსიკოსებიც ზრუნავდნენ. მათ შორის, გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.


შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი იყვნენ: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

Total
0
Shares
Prev
სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“

სარა ებოტი: „ქართული ღვინო სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს“

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა „საქართველოს პირველად 10

Next
საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის

You May Also Like