ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლის 29 და 30 ნოემბერს საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, მთელ მსოფლიოში.
კონკურსზე წარდგენილი იყო საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული 80-მდე ღვინის კომპანიის 200 ნიმუში, როგორც საქართველოდან ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკონკურსო ნიმუშები გაისინჯეს და შეაფასეს საერთაშორისო დონის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, 2022 წელს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტი ენდრიუ ჯეფორდი გახლდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს უცხოელებმა და კონკურსზე მრავლად იყო წარმოდგენილი ღვინოები ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათ შორის, საფრანგეთიდან და იტალიიდან.
საფერავის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, აღსანიშნავია რომ 2018 წლიდან დღემდე შემოსულმა ნიმუშების ხარისხმა საგრძნობლად მოიმატა.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული ღვინოები არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე იქნა წარდგენილი დიდი წარმატებით.
საფერავს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ დიდ საერთაშორისო ასპარეზზე. საფერავის ცნობადობა გასცდა საქართველოს ფარგლებს, ვენახები შენდება და ღვინო იწარმოება ევროპის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიასა და აშშ-ში.