ქვემო ქართლი

| მეღვინეობის მხარე შემოქმედებით თავისუფლებისთვის და თამამი სტილისტური გადაწყვეტილებისთვის |

გიორგი სამანიშვილი

Homeland of Wine-ს ფოკუსში ამჯერად ქვემო ქართლი, მისი ჯიშები და ღვინოებია. ქვემო ქართლზე საუბარი არ არის ადვილი, რადგან ეს მხარე ჯერ კიდევ კარგად გვაქვს შესასწავლი. აქ, ისტორიულად ვითარება ბევრჯერ შეიცვალა, რაც შეეხო მოსახლეობასაც, ვაზის ჯიშებსაც და ღვინის დაყენების ტექნოლოგიასაც. თუმცა შეგვიძლია, რეგიონზე დღევანდელ ჭრილში ვისაუბროთ – როგორ ვითარდება მევენახეობა-მეღვინეობა და მარნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს; აქცენტი გავაკეთოთ ბოლნისზე, რომელიც განსაკუთრებით განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში; ვისაუბროთ მარნეულზე და ასურეთზე, რომლებსაც კარგი პერსპექტივები აქვს.

ლევან უჯმაჯურიძე | სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. აკადემიკოსი: ისტორიულად, ქვემო ქართლში, თეთრი ჯიშებიდან უმეტესად რქაწითელი, ჩინური, გორული მწვანე, წითლებიდან კი – საფერავი და თავკვერი იყო გავრცელებული. წყაროებში ასევე მოიხსენიება ბუერა და მელიკუდა, რომლებიც ვაზის ნარგაობებში დღეს, ფაქტობრივად არ გვხვდება. მელიკუდა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისი მტევანი მელიის კუდს ჰგავს, საიდანაც მომდინარეობს კიდეც სახელწოდება.
ასეთივე სახელწოდების ჯიშებს ვხვდებით საბერძნეთში, იტალიაში, თურქმენეთში, სომხეთში. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, სახელწოდება „მელიის კუდი“ მეზობელ ქვეყნებში საქართველოდან იქნა გატანილი და არა პირიქით.

საინტერესო ჯიშებია პირღებული (არის პირღებული თეთრი და პირღებული შავი) და ქციის შავი, რომელიც აღმოჩენილია მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, მდინარე ქციის ხეობაში, სოფელ სამშვილდის ტყეში. ამ ორი ჯიშის წარმომავლობა ველური ფორმებიდან მომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ ველური ფორმები, რომლებიც მთელ საქართველოში, მათ შორის, ქვემო ქართლში მრავლად გვხვდება, კულტურული ვაზის ჯიშების წინაპრებია და ევოლუცის შედეგად ისინი კულტურულ ჯიშებად ჩამოყალიბდა.ლიტერატული წყაროებით დასტურდება, რომ პირღებული შავისგან და ქციის შავისგან სუფრის ხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები მზადდებოდა.


დღეს, ქვემო ქართლში, როგორც ქართლის (თავკვერი, შავკაპიტო, ბუზა, დანახარული), ისე კახეთის (რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი), რაჭის (ალექსანდროული) და იმერეთის (ცოლიკოური, კრახუნა) ჯიშებია გაშენებული. გვხვდება მესხური მწვანეც. უშუალოდ ამ რეგიონის ერთ-ერთ საინტერესო ჯიშად კი ასურეთული შავი ითვლება. მისი აღმოჩენის ისტორია გერმანელ კოლონისტ ოტო შალს უკავშირდება, რომელმაც იგი ასურეთის ტყეში გარეულ ვაზებს შორის იპოვნა და გაამრავლა. ადგილობრივი გერმანელები მას სახელწოდებით – „შალის ყურძენი“ და „შალას შავი“ მოიხსენიებდნენ. ამავე ჯიშისგან დააყენეს ღვინო, რომელსაც მოგვიანებით „შალა“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ასურეთული შავის ყვავილი მდედრობითი სქესისაა, ამიტომ განაყოფიერებისათვის მასთან ერთად აუცილებლად უნდა დაირგოს ჰერმაფროდიტი, სასურველია, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები.

ასურეთი

მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან, მეფის რუსეთმა საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება დაიწყო. მათი დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა. ასე შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გერმანული დასახლება – სოფელი ელიზაბეტტალი (დღევანდელი ასურეთი).

მე-19 საუკუნის დასასრულს, ელიზაბეტტალი კარგად განვითარებული სოფელი გახდა. გერმანელები მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და ხელოსნობას. განსაკუთრებით იყო განვითარებული მევენახეობა, მემარცვლეობა და მეკარტოფილეობა. შექმნეს საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ასურეთში დღემდე შემორჩენილია მათი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები: ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.

ასურეთში წარმოებული ღვინის რეალიზაციისთვის სპეციალური მაღაზიები იყო გახსნილი როგორც თბილისში, ისე ბაქოსა და ერევანში. ვენახები გაშენებული იყო სოფლიდან 7 კილომეტრში, მდინარე ალგეთის ნაპირებზე, რაც განაპირობებდა მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას. გერმანელებმა შუაგულ ვენახში ააშენეს უნიკალური სამსართულიანი ნაგებობა – ღვინის მარანი, სადაც დაახლოებით 5 000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. 2017 წელს, მარანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ასურეთული შალა“ – დაცული ადგილწარმოშობის დასახელება

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები: ასურეთული შალას მიკროზონა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, მდინარე ალგეთის მარცხენა სანაპირო ზოლში. მიკროზონა მოიცავს სოფელ ასურეთის სავარგულებს.
ვენახები ძირითადად, თიხნარ ნიადაგებზეა გაშენებული, რომელიც გამოირჩევა კოშტოვან-მარცვლოვანი სტრუქტურით და მეზოკლიმატთან ერთობლიობაში ძალიან ხელსაყრელია მევენახეობისთვის; ანიჭებს ღვინოს მდიდარ გემოსა და კომპლექსურობას, სხეულიანობას, სიტკბოსა და სიმჟავის ბალანსს, სიმრგვალესა და ტანინის კარგად დაბალანსებულ სტრუქტურას. ეს ყველაფერი განაპირობებს ღვინო „ასურეთული შალას“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს.

„ასურეთული შალა“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ასურეთული შალას მიკროზონაში მოწეული ასურეთული შავის ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია ასურეთულ შავთან ერთად თავკვერისა და შავკაპიტოს გამოყენებაც (15%).

„ასურეთული შალა“ წითელი მშრალი ღვინოა, ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე. ექსტრაქტული, დახვეწილი, ხალისიანი მჟავიანობით, მაყვლის და შავი მოცხარის ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი სანელებლების (პილპილი, მიხაკი) და მშრალი ხილის (შავი ქლიავის ჩირი) ტონებით.


ლევან უჯმაჯურიძე: უნდა აღინიშნოს, რომ ქვემო ქართლში კარგი პერსპექტივები აქვს კახურ ჯიშებს. ღვინოები, რომლებსაც ბოლნისელი მეღვინეების უმრავლესობა აწარმოებს, ძირითადად, სწორედ ამ ჯიშებზე – რქაწითელსა და საფერავზეა დაფუძნებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნიადაგური და მიკროკლიმატური პირობები განაპირობებს აქ მოყვანილი ორივე ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინოების სასიამოვნო ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და ისინი, თავისი ორიგინალობით, მნიშვნელოვნად განსხვავდება კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამავე ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოებისაგან. ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივ ჯიშებს, თუნდაც ქციას, პირღებულს, მელიკუდას, რაც ზემოთ ვახსენე. დღეს, ეს ჯიშები მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი საკოლექციო ნარგაობებში და ექვემდებარება გამრავლებას.

ამის გარდა, შიდა ქართლის ისეთი ჯიშები, როგორებიცაა წითელყურძნიანი თავკვერი, შავკაპიტო, ბუზა, დანახარული და თეთრყურძნიანი ჯვარი (ეს ჯიში შედარებით მაღალ ვერტიკალურ ზონაში შესანიშნავ პროდუქციას იძლევა) და სხვა, თავისუფლად შეიძლება ქვემო ქართლშიც გაშენდეს.

გიორგი სამანიშვილი: გეთანხმებით, რომ ისტორია და ტრადიცია არ უნდა დავივიწყოთ. რქაწითელსა და საფერავს მივესალმები, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს წამყვან ჯიშებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქართლში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ქართლის ჯიშები, მათ შორის, თუნდაც თავკვერი, რომელზეც მეტი აქცენტია გასაკეთებელი.

ლევან ბანძელაძე | მეღვინეობა „მარბანო“: კონკრეტულად ბოლნისში, ეს ჯიში ნამდვილად საუკეთესო შედეგს იძლევა, ღვინოც ძალიან საინტერესო გამოდის. თანაც ბოლნისის თავკვერი ზოგადად ქართლში გაშენებული თავკვერისგანაც საკმაოდ განსხვავდება.

ლევან უჯმაჯურიძე: ჩვენ მხოლოდ საღვინე მიმართულების ჯიშებზე ვსაუბრობთ, არადა, ქვემო ქართლი, განსაკუთრებით კი მარნეულისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტები, შესანიშნავი ლოკაციაა სასუფრე ვაზის ჯიშების გასაშენებლად. ეს რეგიონი თბილისთან ახლოს არის, რაც გაადვილებს დედაქალაქის მომარაგებას.

სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის 200-ზე მეტი სასუფრე ჯიში გვაქვს ჯიღაურაში. საადრეო სიმწიფის პერიოდის სასუფრე ვაზის ჯიშები უპრიანია სეზონური სახით მისართმევად, ხოლო საგვიანო – მაცივარში შესანახად. ამის ფონზე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ სასუფრე მიმართულების ვაზის ჯიშების ყურძენი წლის უმეტეს პერიოდში ქვეყანაში სრულად უცხოეთიდან შემოდის. ამის გარდა, ორივე მუნიციპალიტეტზე მეტად მორგებულია საქიშმიშე ვაზის ჯიშების მიმართულებაც.

რაც შეეხება ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს – ორივე ხარისხოვანი მეღვინეობისთვის შესანიშნავი პირობებით გამოირჩევა, ისევე როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი. დღეს, როცა კლიმატურმა ცვლილებებმა მსოფლიოს ბევრი პრობლემა შეუქმნა, ეს პროცესები საქართველოს მევენახეობის ზოგიერთი რეგიონისთვის სასიკეთოდ მოტრიალდა და ზღვის დონიდან შედარებით მაღლა – მაგალითად, მესხეთში ზღვის დონიდან 1300 მეტრზეც კი, ანდა ბოლნისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია ვენახების გაშენება და ხარისხიანი ყურძნის მიღება. ამ დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ვერტიკალური ზონალობა და საღვინე ვაზის ჯიშების სიმწიფის პერიოდი, რასაც უნდა მოსდევდეს სათანადო კომპლექსური აგროტექნოლოგია. აუცილებელია, ამ საკითხებს ყველა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად მიუდგეს.

დავით ჩიჩუა | პროფესორი, მეღვინეობა |: რაზეც მსურს, აუცილებლად მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოსაზრება, ქვემო ქართლის სტილისტიკური იდენტობაა. თანაც ამაში გამოწვევა უფრო უნდა დავინახოთ, ვიდრე დილემა. ამ მხარეში გვაქვს თვითმყოფადობის პრობლემა. ქვემო ქართლისაგან განსხვავებით, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, რაჭისა და სხვა რეგიონების მეღვინეობის ტრადიციებს მკაფიოდ გამოხატული სახე აქვს – ჯიშური პროფილით იქნება ეს თუ ტექნოლოგიური თავისებურებებით; ამის ფონზე, იმ ძალიან საინტერესო ადგილობრივი ჯიშებიდან, რომლებიც ბატონმა ლევან უჯმაჯურიძემ ახსენა, ქვემო ქართლში ერთიც კი არ არის დომინანტი. ჯიშობრივი კუთხით ქვემო ქართლის მევენახეობა შიდა ქართლისა და კახეთის მევენახეობის „გადაფარვის ზონას“ წარმოადგენს.

მეღვინეობის თვალსაზრისით კი ქვემო ქართლში ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების ტრადიციების ძალიან უცნაური კომპოზიცია გვაქვს – რაჭველი მიგრანტების (ბოლნისსა და ასურეთში, გერმანელი კოლონისტების გადასახლების შემდეგ რაჭიდან მოხდა მოსახლეობის ჩამოსახლება) ტრადიციები შერეული გერმანელი კოლონისტების ტრადიციებთან და ფრაგმენტულად შემონახულ ადგილობრივ ტრადიციასთან, რომელიც თავისთავად, ძალიან საინტერესო და 8000-წლოვანი ისტორიის მქონეა. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, დიდ შემოქმედებით თავისუფლებას იძლევა: როგორი თამამი სტილისტიკური გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მაგალითად, ბოლნისელმა მეღვინემ, ეს მხარე ყველაფერს ძალიან კარგად მოიხდენს.

ნიადაგების, კლიმატისა და სტილისტიკის თვალსაზრისით, ქვემო ქართლი დიდ დიაპაზონს ფარავს: 300 მეტრიდან 1000 მეტრამდე ავდივართ. იწარმოება ჭაჭაზე დადუღებული ღვინოებიდან დაწყებული – ცქრიალა ღვინოებით დამთავრებული. ეს არის დიდი თავისუფლება, რასაც თუნდაც ბოლნისელი მეღვინეები ძალიან კარგად იყენებენ.

გიორგი სამანიშვილი: ამას ისიც ემატება, რომ ქვემო ქართლში (განსაკუთრებით, ბოლნისში) მრავლადაა გერმანელი კოლონისტების მიერ აგებული და დღემდე საუკეთესოდ შემონახული ღვინის სარდაფები, სადაც ღვინის დაყენებისა და შენახვისთვის საჭირო ტემპერატურა ბუნებრივად არის შენარჩუნებული. ამ სარდაფებში მშვენივრად დგებოდა ღვინო იგივე პრინციპით, როგორც ქვევრში, რომელიც მიწაშია ჩაფლული; და ის, რომ აქ ქვევრები ნაკლებად გამოიყენებოდა, სულაც არ იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, პირიქით – პროგრესული იყო, რომ გერმანელები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებდნენ.

ბოლო წლებში, ბოლნისმა დიდი წინსვლა განიცადა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გაერთიანება „ღვინო ბოლნისთან“. ეს ასოციაცია აერთიანებს ადგილობრივ მეღვინეებს და როცა საქმე ერთობლივად კეთდება, შედეგი ყოველთვის დგება.

გურამ ავქოფაშვილი | გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელი | „ძმების მარანი“, მეღვინე: ბოლნისი კარგი ასპარეზია როგორც მეღვინეებისა და მევენახეებისთვის, ისე მნიშვნელოვანი მეცნიერული სამუშაოების ჩასატარებელად. ჩვენს გაერთიანებაში ბევრი ენთუზიასტი მეღვინეა და ყველამ ერთობლივად შევძელით ბოლნისი მოგვეხაზა ღვინის რუკაზე. დავამტკიცეთ ისიც, რომ შეგვიძლია ბაზარისთვის მაღალი ხარისხის ღვინოების მიწოდება. ჩვენს მხარეში ტრადიცული მეღვინეობის დასაბრუნებლად და ასაღორძინებლად ბევრი ეტაპი გავიარეთ. იყო არაერთი ექსპერიმენტი საინტერესო შედეგებით. მეტი წინსვლისთვის კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლიც და სამუშაოც.

ვფიქრობ, კარგი იქნება, შეიქმნას ქვემო ქართლის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ერთიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს კომპლექსურად მეცნიერულ კვლევებს, განათლებას, ისტორიას, ნიადაგებისა და ჯიშების შესწავლას, მომავლის ხედვას. ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო უკეთესი მოსავლი მოვიყვანოთ და საერთაშორისო ბაზრებზეც აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი.

გიორგი სამანიშვილი: რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ამ მოსაზრების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა ბოლნისის მხრიდან, რომელმაც ბოლო 5-7 წელიწადში დიდ წარმატებას მიაღწია. თქვენს ადგილას ბევრი გაჩერდებოდა და მოვლენებსაც თვითდინებაზე მიუშვებდა. რაც მეტს სწავლობთ, მით მეტი რომ არის გასაკეთებელი – ამას ხედავთ, ამიტომაც ეტყობა ასე მკაფიოდ თქვენს მხარეს წინსვლა.

გურამ ავქოფაშვილი: ეს სტრატეგია შესამუშავებელია, რათა ყველამ შეძლოს და იხელმძღვანელოს. მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რომელი ჯიში რომელი ტიპის ნიადაგზე მოგვცემს უკეთეს შედეგს, რათა არ დავუშვათ შეცდომები. თავიდან უნდა ჩატარდეს ნიადაგების კვლევა; ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ ცვლილებებსაც, რაც სხვა რეგიონების მსგავსად, ჩვენზეც ახდენს გავლენას – მაგალითად, მდინარე მაშავერას მარჯვენა ნაპირზე, ელიას მთის წინა მხარეს, უკვე 28%-მდე ადის შაქრიანობა.

დავით მაღრაძე | მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტი და ვენახების კადასტრის სამმართველო: ქვემო ქართლი, როგორც წარსულით, ისე თანამედროვე პოტენციალით ძალიან საინტერესო მხარეა, გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ კი იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მეღვინეთა ასოციაციამ შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში. ჩვენ კარგად ვიცნობთ ასეთივე ასოციაციების ევროპულ მოდელებს – ისინი თავის თავზე იღებენ რეგიონის მეღვინეობის მოვლა-პატრონობას. მეცნიერული კვლევები, რაც ზემოთ ახსენეთ, შესაძლებელია, სწორედ თქვენი ასოციაციის ეგიდით ჩატარდეს. კარგია, რომ ბოლნისში გაქვთ აგროცენტრიც, რომელიც ინდივიდუალურ მწარმოებლებს, რომლებსაც ტექნიკური აღჭურვა არ გააჩნათ, ეხმარება საბოლოო პროდუქტის შექმნაში – ღვინის ჩამოსხმაში და შესაბამის დონეზე გაფორმებაში.

ბატონმა გურამმა ახსენა მეცნიერული მიდგომები, კვლევები. მინდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორი პროექტის შესახებ გითხრათ: პირველი გახლავთ საქართველოს ვენახების კადასტრი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ვენახების სივრცული გაადგილებისა და მათი ძირითადი აგრონომიული მახასიათებლების შესახებ. ეს საშუალებას იძლევა თანამედროვე გეოგრაფიის გათვალისწინებით გავაშენოთ ვენახები. პროექტი მუშაობის პროცესშია შარშანელი წლიდან და პირველი შედეგები უკვე გვაქვს. მეორე გახლავთ საქართველოს კლიმატის კვლევები ბოლო 20 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სახელმძღვანელოდაც გამოვეცით სახელწოდებით „კლიმატის ანალიზის თანამედროვე მევენახეობისათვის: პრაქტიკული სახელმძღვანელო მევენახეებისათვის“. ამ წიგნში მოყვანილია ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონის მევენახეობის საკითხები ვერტიკალური ზონალობის და თანამედროვე კლიმატური რეალობის გათვალისწინებით – ვიმედოვნებთ, რომ ის რეალურ დახმარებას გაუწევს ჩვენს მევენახეებს.

ევროპული მევენახეობის ისტორია სწორედ ქვემო ქართლიდან, მათ შორის კი მარნეულიდან იწყება. აქ გვაქვს გადაჭრილი გორა, შულავერის გორა, შულავერი-შომუთეფეს კულტურა, რომლითაც ამაყობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა. სლოგანიც – „საქართველო – ღვინის სამშობლო“ სწორედ აქედან მომდინარეობს.

სახელწოდება „მარნეული“ მარანს უკავშირდება. აქ, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე მევენახეობა განვითარებული იყო, რაც დღესაც გარკვეული სახით არის შენარჩუნებული. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია ამ დარგის განვითარებით, მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეების ინიციატივებს, ტარდება ღვინის დღეები. ამ ეტაპზე, მარნეულში არ არის ბევრი ახალი ვენახი, თუმცა გაშენების მცდელობები ნამდვილად თვალსაჩინოა.

არანაკლები ისტორია აქვს ასურეთს, სადაც თუნდაც ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. 1818 წელს, გერმანელების ჩამოსახლებამ ბიძგი მისცა ასურეთის განვითარებას და იქამდე მიიყვანა, რომ ასურეთული შავი რეგიონის ლიდერი ჯიში გახდა. ეს ისტორია დღესაც აძლევს ასურეთს დიდ იმპულსს.

გიორგი სამანიშვილი: კარგი იქნება, ბოლნისის მაგალითის გათვალიწინებით, მსგავსი პროცესები ვიხილოთ ასურეთშიც.

ალექსანდრე ჭიჭინაძე | მეღვინეობა „ჭიგო“ | ასურეთი: ჩვენ შევქმენით მეღვინეთა ასოციაცია, რომელიც მოიცავს ასურეთის მიკრორაიონში მდებარე 28 საოჯახო მარანს. ამ სოფელს დიდი შესაძლებლობები აქვს და მათ ხელშესაწყობად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის კარგი მაგალითია ბოლნისი და მისი ღვინის ასოციაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი წინსვლები აქვს. იმის ნახევარიც რომ შევძლოთ, უდავოდ კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის.

გიორგი სამანიშვილი: მთავარი თემის ფარგლებში ვსინჯავთ ორ ასურეთულ შალას – მეღვინეობა „ჭიგოს“ და მეღვინეობა „მარბანოს“ მიერ წარმოებულს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ღვინოს საკმაოდ განსხვავებული სტილი აქვთ, ასურეთულის ჯიშური ხასიათი ორივე ღვინოში კარგად ჩანს.

ლევან ბანძელაძე: „მარბანოს“ ღვინოებს, რომლებიც 7 ქვეყანაში გვაქვს წარმოდგენილი, ახლახან ახალი ხაზი დავამატეთ – ასურეთული შალა, „ელიზაბეტტალის“ სახელწოდებით. ეს ხაზი მხოლოდ გერმანიაში, მათ შორის, შტუდგარტში გაგვაქვს და უკვე გვაქვს დადებითი გამოხმაურებებიც. ასურეთში ჩამოსახლებული კოლონისტები წარმოშობით შტუდგარტიდან იყვნენ. ამ ღვინით მათ შთამომავლებს ვუყვებით იმ ისტორიას, რომ ასურეთული შალა მათივე წინაპრების მიერ აღმოჩენილი ქართული ჯიშია, რომელსაც ჩვენ კვლავ ვავითარებთ. ეს დიდ ყურადღებას იქცევს ტურისტული თვალსაზრისითაც, რაც, ვფიქრობ, ძალიან წაადგება ასურეთს. ბევრს გერმანელს უკვე გაუჩნდა აქ ჩამოსვლის სურვილი.

დავით მაღრაძე: ამ ჯიშის შენარჩუნება და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

Total
0
Shares
Prev
KVEMO KARTLI

KVEMO KARTLI

| The Winemaking Region for Creative Freedom and Bold Stylistic Decisions |

Next
SPARKLING LIFE

SPARKLING LIFE

| What happens when Asian cuisine meets cocktails crafted from Georgian

You May Also Like
Total
0
Share