ღვინის სექტორი და სოციალური პასუხისმგებლობა

მიშა დოლიძე, მეღვინეობა „კასრელი“

სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა დიდი ხანია, თანამედროვე ბიზნესში მსოფლმხდველობის საკითხად იქცა. 30-50 წლის წინ, აქტუალური იყო ხედვა, რომ საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა და დოვლათის გადანაწილება მთელ საზოგადოებაზე მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს შეეძლოთ. დროთა განმავლობაში ამ ხედვამ ტრანსფორმაცია განიცადა კერძო სექტორში და კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი გარემოს დაცვაზე, თანამშრომლების კეთილდღეობაზე, უსაფრთხო გარემოზე, კვების უსაფრთხოებასა თუ ნარჩენების სწორ მართვაზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ფორმირდა და ერთიანი სახელწოდება შეიძინა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანი, ეყიდა ისეთი კომპანიის პროდუქტი, რომელიც არ ზრუნავდა გარემოზე, თანამშრომლებზე, ახალი თაობების აღზრდაზე, თუ ისეთის, რომელიც ამ ფაქტორებს საკუთარ საქმიანობაში ნერგავდა, ითვალისწინებდა და, ამავდროულად, ხარისხით, ფასით და ყველა კონკურენტული პარამეტრებით ოპონენტს არ ჩამოუვარდებოდა. ამ ყველაფერს ერთგვარი სოციალური რევოლუციაც კი ეწოდა – მომხმარებელმა დაიწყო უპირატესობის მინიჭება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ზემოხსენებულ საჭირო პრაქტიკებს საკუთარ საქმიანობაში ახორციელებდნენ.

ეს პროცესი, გასულის საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად ინერგება ყველა სპექტრის კომპანიებსა და ინდუსტრიებში. ისეთ სფეროში, როგორიც კვების მრეწველობა ან ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა, მსგავსი პრაქტიკა და მიდგომები თითქოს ბუნებრივად უნდა დანერგილიყო, მაგრამ რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, კსპ-ს ფეხი ყველაზე გვიან სწორედ ღვინის ინდუსტრიამ აუწყო, რასაც სპეციალისტები და მკვლევარები სხვადასხვა ახსნას უძებნიან. ფაქტია, რომ ერთხელაც დადგა ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ძველი ღვინის მსოფლიო (ევროპული ღვინის მწარმოებლები) მოულოდნელად აღმოჩნდნენ ახალი რეალობის წინაშე: გამოჩნდნენ აქტიური და კონკურენტუნარიანი მწარმოებლები ახალი მსოფლიოდან (საუბარია ყველასთვის კარგად ცნობილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნებზე: არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია). ამ ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე შემოვიდა მაღალი ხარისხის, სტაბილური, მდგრადი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია – ღვინო, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარტყა ევროპის წამყვან მწარმოებლებს. ეს ის ქვეყნები და ის კომპანიები იყვნენ, რომლებიც აქტიურად ნერგავდნენ საკუთარ საქმიანობაში კსპ-ის პრაქტიკას.

სწორედ ამ დროიდან დაიწყეს კსპ-ზე ფიქრი და აქტიურად დანერგვა ევროპელმა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე მწარმოებლებმაც. კსპ თხუთმეტ მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს, მაგრამ ღვინის მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარული ჯანმრთელობისა და კვების უსართხოება აღმოჩნდა. იმ კომპანიების პროდუქციას, რომლებიც უსაფრთხოების ამ პრინციპებს იზიარებდნენ, მეტი ერთგული მომხმარებელი გამოუჩნდა. საბოლოოდ, კსპ არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოვლენა, არამედ კონკურენციის კარგი ინსტრუმენტი და მარკეტინგისთვის ხელსაყრელი საშუალება აღმოჩნდა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქართულ მეღვინეობაში
კსპ-ს მხარი საქართველომაც აუბა: დღეს, ადგილობრივი ღვინის კომპანიები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებაში, იმ სოფლებისა თუ თემების მხარდაჭერაში, სადაც მათ ვენახები/მარნები აქვთ და სხვა. ზრუნავენ იმაზე, რომ ნარჩენების უტილიზაცია შედარებით უფრო სწორი გზებით მოხდეს (მაგალითად, ნასხლავის ვენახიდან გამოტანა და იქვე დაწვა გაცილებით უარესი პრაქტიკაა, ვიდრე მისი მუჩირება და ამგვარი გამოყენება).

კსპ-ს მიზნობრივი დანერგვა დიდ კომპანიებში ცხადია, უფრო აქტიურად ხდება, თუმცა მცირე კომპანიები კსპ-ის პრაქტიკების – განსაკუთრებით კი, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებსა და მეღვინეობა-მევენახეობის დანერგვის კუთხით ლიდერობენ კიდეც.

მეღვინეობა „კასრელი“


გარდა მეღვინეობისა, ჩვენ ჯანდაცვის სფეროს წარმოვადგენთ. რადგან ექიმები ვართ, ბუნებრივად მოხდა ჩვენი დაკავშირება ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელასთან“, რომელსაც გაყიდული ღვინიდან გარკვეულ თანხას ვურიცხავდით. ამ მხრივ ჯერ მხოლოდ მცირე ნაბიჯები გადავდგით, თუმცა სანაცვლოდ ისეთი კმაყოფილება და ბედნიერება მივიღეთ, რომ მსგავს მხარდაჭერას აუცილებლად გავაგრძელებთ.

ჩვენი ვენახები და მარანი სოფელ ვაჩნაძიანშია, სადაც საოცარი ხალხი ცხოვრობს, ისინი ჯერ კიდევ იმ დროიდან გვგულშემატკივრობენ, როდესაც მეღვინეობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით. საპასუხოდ, ვცდილობთ ჩვენც გვერდში დავუდგეთ. განსაკუთრებით სოფლის სკოლასთან ურთიერთობა მოგვწონს: ვცდილობთ სოფელში სხვადასხვა ცნობილი ადამიანი ჩავიყვანოთ – მწერლები, მსახიობები – მოვაწყოთ მათი შეხვედრა ბავშვებთან, თემატური ფილმების ჩვენებები, მსჯელობები. შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ ასეთი შეხვედრებისთვის საჭირო აპარატურის დონაციას და სხვა.

მცირე მარნების შემთხვევაში ყველაზე მთავარი ნიშა ბუნებრივი ღვინის წარმოებაა. თავად ტერმინი – ბუნებრივი ღვინო – ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული კსპ-სთან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ამავე ღვინის წარმოების გაიდლაინი რა აუცილებელ ატრიბუტიკას მოიცავს, ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ, ბუნებრივი, განსაკუთრებით კი – ბიოდინამიური ღვინის წარმოებასა და კსპ-ს შორის. ავიღოთ თუნდაც ვენახში ეკომეგუბრული, ნაკლებად საშიში საშუალებების გამოყენება და არა ჰერბიციდებისა და სხვა ძლიერი შხამ-ქიმიკატების.

ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები ვცდილობთ ვენახში მაქსიმალური ბიომრავალფეროვნება გვქონდეს. არ გავანადგუროთ მწერები და მიკროორანიზები, არამედ მათ წინააღმდეგ სხვა სასარგებლო მცენარეები და ცოცხალი ორგანიზმები გამოვიყენოთ. ღვინის წარმოების პროცესში არ ვიყენებთ ხელოვნურ საფუარებსა და კულტურებს, ერთგვარ პრეზერვაციას ვუკეთებთ ადგილობრივ ენდემურ მიკროორგანიზმებს, რომლებიც ცხოვრობენ ყურძნის კანზე და სხვა.

როგორც აღვნიშნე, საქართველოში ღვინის დიდი მწარმოებლები სულ უფრო აქტიურად და ინსტიტუციონალური გზებით ნერგავენ კსპ-ს, რაც ძალიან მისასალმებელია. მცირე მარნები კი (სადაც კსპ-ს შესაძლოა ასეთივე ორგანიზებული და სრუქტურირებული ფორმა არ აქვს) რადგან ბუნებრივ მეღვინეობას ეწევიან, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ ახდენენ კსპ-ის განხორციელებას საკუთარ საქმიანობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს უდიდესი განძი გააჩნია – ღვინის დაყენების ქართული ტექნოლოგია და ის ზედდებულია ბუნებრივ, ბიოდინამიურ მეღვინეობასთან და ორგანულ მევენახეობასთან, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად ნიშნავს კსპ-ისთვის ფეხის აბმას. მსოფლიოში კი კსპ-ის პრაქტიკების გამოყენებით წარმოებული ღვინის მომხმარებლის რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

Total
0
Shares
Prev
Racha grape varieties are an indispensable tool for locals that they can use to astonish the world!

Racha grape varieties are an indispensable tool for locals that they can use to astonish the world!

Hemmed by the Greater Caucasus Mountains, Racha is located between Racha and

Next
EMI KAKINUMA: “Georgian wines have a taste that is completely new, but with something nostalgic and familiar to us.”

EMI KAKINUMA: “Georgian wines have a taste that is completely new, but with something nostalgic and familiar to us.”

An online store that Mr

You May Also Like
Total
0
Share