ქეთი კვიჭიძე
დღეს, ჩვენი პლანეტა კლიმატის ცვლილების, პანდემიისა და სოციალური უთანასწორობის პრობლემის წინაშე დგას. Chefs4thePlanet – ეს არის კოალიცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენი პლანეტასა და ჩვენს ჯანმრთელობაზე; ვინც ყოველდღიურად ეწევა ჯანსაღი სამზარეულოს პოპულარიზაციას – ფერმიდან თეფშამდე – რათა ის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. Chefs4thePlanet საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც მოქმედებს გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, მხარს უჭერს ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლას.
ეს საერთაშორისო პროექტი აერთიანებს შეფ-მზარეულებს მთელი მსოფლიოდან და ამით ხაზს უსვამს სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიულ პრაქტიკასა და ამავე რეგიონების კულინარიულ მრავალფეროვნებას.
დადუნა ღლონტი პირველი ქართველი შეფია, რომელიც მდგრადი გასტრონომიის გადასარჩენ კამპანიაში Chefs 4the planet გაერთიანებულ ცნობილ შეფ-მზარეულებს საქართველოს სახელით შეუერთდა.
“მე მქვია დადუნა. დავიბადე და გავიზარდე საქართველოში – გასტრონომიითა და ღვინით განთქმულ ქვეყანაში. დავამთავრე Accademia di belle arti di Roma და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ვმუშაობდი კინოს მხატვრად. ვარ თვითნასწავლი შეფ-მზარეული. ჩემი კულინარიული კონცეფცია დაფუძნებულია იდეაზე, შევქმნა გემრიელი, ოჯახური კერძების მენიუ ადგილობრივი სეზონური პროდუქტების გამოყენებით. ჩემი ყველა რეცეპტი მამას ტრადიციულ სამზარეულოს მეთოდს ეფუძნება და ამასთან, გაჯერებულია თანამედროვე ქართული სამზარეულოს ელემენტებით.
როგორც დედა, ვცდილობ, ჩემი შვილების რაციონში ყოველთვის იყოს მცენარეული ინგრედიენტებისგან მომზადებული კერძები. ჩემი მიზანია, ყოველდღე მინიმუმ 20 სხვადასხვა სახის ინგრედიენტი გამოვიყენო კვების მრავალფეროვანი რაციონის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, დღეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია!
მცენარეული ინგრედიენტებით მომზადებული კერძები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საკვები სისტემის სიჯანსაღისთვის, ამიტომაც საჭიროა, ამ მიმართულებით ცნობიერების მაქსიმალურად ამაღლება. მჯერა, რომ ყველა ჩვენგანს შეგვწევს ძალა კვების სწორი წესის მეშვეობით პლანეტა უკეთესობისკენ შევცვალოთ.
ჩვენ გვჭირდება შეფ-მზარეულები, მეცნიერები, ფერმერები, მეწარმეები და გურმანები, რათა შევიკრიბოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები კულინარიულ ინდუსტრიაში ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადობის შესახებ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა და გადავარჩინოთ მომავალი თაობები.
მხოლოდ შეფ-მზარეულებს შეგვწევს ძალა, დავამკვიდროთ ბიომრავალფეროვანი ინგრედიენტები ადამიანების ყოველდღიურ რაციონში გემრიელი ფორმით. ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწოდოთ ხელი ჯანსაღ კვებას და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ახალი, სეზონური პროდუქტების გამოყენებას!
THE GLOBAL INFORMATION AND SOLUTIONS NETWORK FOR SUSTAINABLE GASTRONOMY