ნუცა აბრამიშვილი | „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი
რატომ ქართული ღვინო
ქართული ღვინო, თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ შედგა როგორც კონკურენტუნარიანი მსოფლიო მნიშვნელობის ღვინო. მისი უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა კი საქართველოა, რომელიც მიუთითებს მეღვინეობის უძველეს კულტურაზე, ღვინის დაყენების 8000-წლიან ტრადიციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს ჩვენ გვქონდა მე-8000-ე რთველი. ეს ხომ საოცრებაა, ხანგრძლივი გზა, რომელიც მიუთითებს იმ უწყვეტ ტრადიციაზე, რომლითაც ყოველი ქართველი ასე ამაყობს. იუნესკომაც ხომ დაადასტურა ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, როგორც ქართველი ერის უნიკალური არამატერიალური ღირებულება. ჩვენნაირი ქვეყნები მსოფლიოში ძალიან ცოტაა და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ, რომელსაც მემკვიდრეობით მომდევნო თაობებს გადავცემთ.
რა ქმნის შუხმანის ღვინოებს ასე უნიკალურს
კომპანიის საკუთრებაში და უშუალო კონტროლქვეშ არსებული ვენახები, სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშით. როგორც მეღვინეები ამბობენ: „ღვინო ხომ ვენახებში კეთდება“, ამიტომაც ჩვენთვის მთავარი ყურძენია და ჩვენი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში, რომელთაგან უნიკალური ღვინოები იწარმოება, ექსპორტზე გადის და მრავალი ათასი მომხმარებელი კიდევ ერთხელ იგებს „წარმოებულია საქართველოში“-ს შესახებ.
„შუხმანის“ კონკურენტულ უპირატესობაზე
მეღვინეობა-მევენახეობის, მაღალი ხარისხის ქვევრისა და ევროპული ღვინოების წარმოებისა და ექსპორტის პარალელურად, ეს არის სტუმარმასპინძლობის სფეროში ჩვენი მნიშვნელოვანი პოზიციონირება ღვინის ტურიზმით და ღვინის ველნესით. ეს არის ქართული გასტრონომია და ექსკლუზიური დასვენება ღვინის სპას სერვისის თანხლებით შუხმანის სასტუმრო/ვილების კომპლექსში. აქ ჩამოსვლა ყველა სტუმრისთვის თავგადასავალია, რომელზეც შემდეგ ბევრს საუბრობენ და ჰყვებიან. სწორედ ეს არის თოვლის გუნდის უმნიშვნელოვანესი ეფექტი, რომელსაც წლიდან წლამდე მეტ სტუმრამდე მივყავართ და რამაც რეგიონში მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილად გვაქცია.