
იაგო ბიტარიშვილი | “იაგოს ღვინო”
ევროპული ბაზარი მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის. ბაზარი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს როგორც პროდუქტზე, ისე ქვეყანაზე. კოლეგებმა უკვე ისაუბრეს საბჭოთა წარსულსა და მისი ნეგატიურ გავლენებზეც, თუმცა ქართული ღვინო საბჭოთა პერიოდამდეც იყო და შემდეგაც რჩებოდა ევროპული კულტურის ნაწილად, რასაც მოწმობს თუნდაც ისეთი ძველი მარნები, როგორებიც მუხრანი, ანდა წინანდლის მამულია. ისიც კარგად გვახსოვს, 15 წლის წინ, საქართველოში ერთი ღვინის ფესტივალიც არ გვქონდა, არ იყო ღვინის ბარებიც. ევროპასთან და ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებამ ჩვენს ქვეყანაში ეს კულტურა თავიდან გააჩინა.
ვენახი და ღვინო ჩვენი იდენტობის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ და შემოვინახეთ.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში, ზოგიერთ რეგიონში ვენახები სხვა კულტურებით ჩანაცვლდა, ხალხური სელექცია იმდენად ძლიერი იყო, რომ მაინც მოხერხდა ძველი ჯიშები გადარჩენა და შეანარჩუნება.
დღეს, ჩვენ უდავოდ დიდი პროგრესი გვაქვს. უბრალოდ, ეს პროგრესი არ გვაკმაყოფილებს, თორემ იმასთან შედარებით, სადაც 20 წლის წინ ვიყავით, ნამდვილად დიდი ნაბიჯებია გადაგმული. რამდენი ღვინის ფესტივალი გვაქვს უკვე ქვეყანაში, თბილისი სავსეა ღვინის ბარებით, და რაც მთავარია, მაღალია ღვინის ხარისხი. ამ პროგრესისთვის, წლების განმავლობაში, ამ დიალოგში მონაწილეებმა, რაც შეგვეძლო, ყველაფერი ვაკეთეთ. ჩვენზე მეტ სიტყვას ახალი თაობა იტყვის, რომელსაც განათლება ევროპაში აქვს მიღებული, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, მცირე მარნებს თავის დროზე არ გვქონდა.
იმასაც ხომ ვაკვირდებით, რომ ღვინოები, რომლებიც ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზეა ორიენტირებული, როგორ განსხვავდება როგორც სტილით, ისე ეტიკეტით იმ ღვინოებისგან, რომლებიც ევროპაში გადის. ევროპულ ბაზარზე სულ სხვანაირი კულტურაა, რომელიც შენც გზრდის ბიზნესის კულტურისა და ღვინის ხარისხის თვალსაზრისით.
ამავე ბაზარზე მთავარ გამოწვევად კვლავ ჩვენი ცნობადობა რჩება – როგორც ქვეყნის, ისე ღვინის და როგორც ღვინის ქვეყნის. ამ გამოწვევას მცირე თუ დიდი მარნები მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ დაძლევენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა. თუმცა აქაც გვაქვს პროგრესი: კარგად მახსოვს, წლების წინ, გამოფენებსა და ფესტივალებზე მონაწილეობისას, ქვევრს რომ ვახსენებდი, წარმოდგენა არავის ჰქონდა, რაზე ვსაუბრობდი. მეც და სხვა მეღვინეებსაც გვიწევდა ახსნა, რომ ეს არის ამფორის მსგავსი თიხის ჭურჭელი. დღეს, სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს – უფრო მეტად გვიცნობენ ჩვენც და ქართულ ქვევრსაც.
ჩვენ ვართ საინტერესო ევროპისთვის და გეტყვით, რატომ: მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ ევროპულ ფასეულობებსა და კულტურას, ჩვენ ღვინოს მაინც თავისი განსხვავებული ხასიათი, ისტორია და ტექნოლოგია გააჩნია, რომ არაფერი ვთქვათ ქართულ ჯიშებზე. მაგალითად, ვსხედვართ რომელიმე ცნობილ რესტორანში, პარიზში, ან თუნდაც ლონდონში, სადაც გვთავაზობენ რომელიმე ქვეყნის ღვინოს. ხომ დავინტერესდებით, რატომ გვთავაზობენ? მხოლოდ იმიტომ, რომ შარდონეა, თუ ამ ღვინოს რამე ისტორია აქვს? ისტორია კი ქართულ ღვინოს ძალიან დიდი აქვს, ისევე როგორც რომანტიზმი – მიწაში ჩადებულ თიხის ჭურჭელშია დამზადებული განსხვავებული ტექნოლოგიით, განსხვავებული ჯიშით, რომელიც განსხვავებულ ტერუარშია მოყვანილი. ალბათ ამიტომაც ხდება, რომ ზოგიერთმა ქართულმა ღვინომ წამყვან რესტორნებში მარკეტინგის გარეშეც დაიკავა ადგილი, რადგან ასეთ ღვინოზე არსებობს მოთხოვნა. თუმცა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვერ იქნება მასობრივი სურათის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.
ბუნებრივი ღვინო
რაც შეეხება ბუნებრივ ღვინოს – ეს აბსოლუტურად ცალკე კატეგორიაა და იმ მეღვინეებმა, რომლებიც სწორედ ბუნებრივ ღვინოს ვაყენებთ, გარკვეული წვლილი ნამდვილად შევიტანეთ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში. წლების წინ, როცა პირველად დავიწყე ღვინის ექსპორტზე გატანა, საზღვარგარეთაც არ ვიყავი ნამყოფი. იტალიური კომპანია „ველიერის“ წარმომადგენელი ღვინის საძიებლად საქართველოში ჩამოვიდა და ისტორიაც ასე დაიწყო.
2012 წელს, პირველად ჩავედი საფრანგეთში, ლუარაში. მაშინ იქ ბუნებრივი ღვინის მხოლოდ ორი ფესტივალი იყო. წელს, თებერვალში ვიყავი და იცით, 4 დღის განმავლობაში რამდენი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი გაიმართა? – 12. ეს რაზე მიანიშნებს?! იმაზე, რომ ბუნებრივ ღვინოზე მოთხოვნა მაღალია მათ შორის, წამყვან რესტორნებში. იმაზეც, რომ ღვინის ცნობილი გამოცემები სულ უფრო მეტს წერენ ბუნებრივ ღვინოებზე.
ბუნებრივი ღვინოები განსხვავებული და მნიშვნელოვანი სეგმენტია. თუ ქართველი ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები ღვინის კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებას დაიწყებენ, ცხადია, იმპორტიორები მათ ღვინოებს აღარ იყიდიან და ქვეყნის გარეთ არ გაიტანენ. ამით საქართველო დაკარგავს ბაზრებს, სადაც ასეთ ღვინოებზე მაღალი მოთხოვნაა და ჩვენ სხვა ქვეყნები ჩაგვანაცვლებენ.
ბუნებრივი ღვინო ცალკე საბაზრო სეგმენტია, რომელსაც ვფიქრობ, ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან თავის გზაზე მიდის.