კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა თუ ოჯახის თანხლებით.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, ჭაჭისა და ღვინის დეგუსტაციაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ თამაშებში. ახტალის პარკში აქტივობები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება, როგორიცაა ეთნო სივრცე, თათარაობის და მეღვინეობის სივრცე, ბავშვთა გასართობი ზონა, სპორტული აქტივობები და სხვა.
წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის 15 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. ამასთან, წელს ფესტივალი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ IWSC-ის ოფიციალური პარტნიორია და კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება სწორედ 15 ოქტომბერს, ფესტივალზე მოხდება.
„პანდემიის გამო 2 წლიანი იძულებითი შესვენება გვქონდა. ვინც ერთხელ უკვე იყო ნამყოფი ფესტივალზე, მოენატრა. შესაბამისად, მეღვინეობის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ემზადება 15 ოქტომბრისთვის. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება.
დანტერესება მონაწილეთა მხირდანაც დიდია – წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და IWSC-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობითაც ხალხმრავალი იქნება, “ – გვითხრეს საორგანიზაციო ჯგუფში.
ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხ, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვა კომერციული ორგანიზაციები. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.