შემოდგომის ქრონიკები „შალოს მარნის“ ვენახებში

შემოდგომას „შალოს მარნის“ ვენახებში, რომლებიც ბოლნისსა და რაჭისუბანშია გაშენებული, განსაკუთრებული ფერები აქვს. გერმანული მარანი კი, სადაც თორნიკე ღვინოს აყენებს, ორ საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. 1817 წელს აგებულ ამ მარანში ღვინოს ჯერ გერმანელები ამზადებდნენ (მათი კვალი ბოლნისს დღესაც ეტყობა, რომლის შენარჩუნებაზე აქაურები განსაკუთრებით ზრუნავენ), ბოლო 80 წელი კი – შერაზადიშვილების ოთხი თაობა. თორნიკე – ახალგაზრდა ენთუზიასტი მეღვინე – ოჯახში მეოთხე თაობას წარმოადგენს. ამბობს, რომ მისი წინაპრები ბოლნისში გადმოსახლებამდე და ამ მარანში მოსვლამდეც აყენებდნენ ღვინოს.

ბოლნისი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. დიდი პერსპექტივის მქონე ეს მხარე სულ უფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში, რაც განპირობებულია აქაური საინტერესო, განსხვავებული სტილისა და გემოვნური თვისებების ღვინოების ფართო სპექტრით. მოკლე დროში ბოლნისი ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელება, შეიკრა როგორც ტერუარი და ძალიან საინტერესო ღვინოებს გვთავაზობს. ამ ღვინოებში შეგვიძლია ტერუარული მიდგომები დავინახოთ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო მეღვინეობის რეგიონთან.

აქაური ღვინოები ქვეყნის სხვა რეგიონებში წარმოებული ღვინოებისგან განსხვავდება როგორც გემოვნური თვისებებით, ისე სტილით. მაგალითად, კახური ჯიშების – მათ შორის, რქაწითელის – არომატული პროფილი აქ გაცილებით ინტენსიურია, გემოც მკვეთრად განსხვავებულია, რაც მათ ძალიან საინტერესოს ხდის. ვხვდებით რაჭულ (ალექსანდროული, მუჯურეთული) და ქართლის (ჩინური, თავკვერი) ჯიშებსაც, რომელთაგან წარმოებული ღვინოების ხაზი ბევრად მსუბუქია და ტანინებიც ნაზი აქვს. აქაურები ბუნებრივი მეთოდით დაყენებულ ღვინოებზე აკეთებენ აქცენტს. რამდენიმე მარნის ღვინოები ძალიან ელეგანტურის კატეგორიაშიც შეიძლება გავიყვანოთ. მათ პრაქტიკაში მოჰყავთ „ნაკლები ჩარევის“ ფილოსოფიის ღვინოები, რომლებზეც საერთაშორისო ბაზარზე დღეს დიდი მოთხოვნაა.

ბოლნისი – ეს არის რეგიონი მეღვინეობის უძველესი ტრადიციითა და ისტორიით. ეს ისტორია აქაურ მევენახე-მეღვინეებზეა, რომლებმაც არ გაწყვიტეს კავშირი ღვინოსთან, გააშენეს ვენახები, გააცოცხლეს მივიწყებული ვაზის ჯიშები, ტრადიციული ჯიშებისგან საინტერესო ღვინოებიც დააყენეს და ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ბოლნისური ღვინო, როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ღვინის მოყვარულსა და დამფასებელს გააცნონ. ბოლო წლებია, აქტიურად იზრდება აქაური მარნების რაოდენობა და მათ მიერ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების ხარისხი. ეს ღვინოები უკვე მისწვდა ევროპას, ამერიკას, აზიის ქვეყნებსა და ავსტრალიას.

ერთ-ერთი ასეთია „შალოს მარანი“. თორნიკეს ორი ვენახი აქვს, რომელთაგან ერთი გასული საუკუნის 80-იან წლებშია გაშენებული ბოლნისში, ხოლო მეორე რაჭისუბანში, რომელიც 2019 წელს თავად გააშენა. პირველი ვენახი 36 წლისაა და აქ 90% – რქაწითელს, 10% კი რაჭულ ჯიშებს – ალექსანდროულსა და მუჯურეთულს უჭირავს.

„წარმოშობით რაჭველები ვართ, ამიტომაც ეს ჯიშები არც ბოლნისში გადმოსახლებისას დაივიწყეს ჩემმა წინაპრებმა. აქ წარმოდგენილი ეს ორივე ჯიში, რომლებსაც მშრალად ვაყენებ, ძალიან საინტერესო არომატებსა და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ავლენს. ეს სწორედ ის ვენახია, რომელთანაც ბავშვობიდან მქონდა შეხება და სადაც გამიჩნდა კიდეც მეღვინეობის მიმართ ინტერესი. მეორე ვენახი, რომელიც რამდენიმე წლის წინ რაჭისუბანში გავაშენე, ისეთ ჯიშებს მოიცავს, როგორიც შავკაპტო, საფერავი, თავკვერი, ქისი, გორული მწვანე და ჩინურია. ორივე ვენახის ჯამური ფართობი 5 ჰექტარს აღწევს.“

მარიამ ხომასურიძე | ქართული ღვინის გილდიის დამფუძნებელი, სტუ-ს პროფესორი, ენოლოგი: „ბოლნისში ვენახები, ძირითადად, მდელოს ყავისფერ, მდელოს ალუვიურ და ალუვიურ ნიადაგებზეა გაშენებული. ეს ნიადაგები პერსპექტიულია და კარგი ნიადაგური ფონდია მევენახეობის განვითარებისთვის. ბოლნისის რაიონში, წინაპართა გამოცდილების საფუძველზე, ტერუარის თავისებურების გათვალისწინებითაა შერჩეული და გაშენებული ვაზის ჯიშები. მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგის მახასიათებლები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ბოლნისური ღვინოების წარმოებისთვის. თუმცა, მხოლოდ ნიადაგი არ განსაზღვრავს ყურძნის შემადგენლობას და მისგან დაყენებული ღვინის ხასიათს – აქ მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი და ტერუარის თავისებურება. ადამიანურ ფაქტორში იგულისხმება მევენახეობის პრაქტიკა და ღვინის დაყენებისას გამოყენებული ტექნოლოგიური ოპერაციები. ტერუარი კი, თავის თავში მოიცავს ნიადაგის შემადგენლობას, კლიმატს (მიკროკლიმატს), ფლორას (მიკროფლორას) და სხვა ბუნებრივ პირობებთან დაკავშირებულ ფაქტორებს. ღვინო „ბოლნისის“ რეგისტრაცია, როგორც დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ადასტურებს ამ ფაქტორების უნიკალურობას.

ბოლნისის რაიონში კულტივირებულია შემდეგი ავტოქტონური ვაზის ჯიშები: რქაწითელი, ასურეთული შავი, ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, შავკაპიტო, საფერავი და საფერავი ბუდეშურისებრი. დღეს, რქაწითელი ძირითადად კახეთის მევენახეობის ზონასთან ასოცირდება. თუმცა, სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროზე დაყრდნობით (მათ შორის, ი. ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორია“), რქაწითელის ვაზის ჯიში ქართლშიც საკმაოდ გავრცელებული და უხვმოსავლიანი იყო. ღვინის ჯიშურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ტერუარი. სხვადასხვა ტერუარზე გაშენებული ვაზის ჯიში სხვადასხვა ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ღვინოს იძლევა. სწორედ ამიტომ, ბოლნისის ღვინოები ერთგვარი აღმოჩენაა ღვინის მოყვარულთათვის.“

„შალოს მარნის“ რქაწითელი ერთ-ერთ ასეთ აღმოჩენად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ მშრალ თეთრ ღვინოს ცაცხვის, ტროპიკული ხილისა და თაფლის არომატები ახასიათებს და მისი დაწყვილება სხვადასხვა კერძთან არის შესაძლებელი. წითლებში ასეთივე საინტერესოა საფერავისა და ალექსანდროულის კუპაჟი, რომელსაც კენკროვანი და მწიფე ხილის მდიდარი არომატები ახასიათებს და საუკეთესო წყვილია წითელ ხორცთან.

ხუთი წელია, თორნიკე მეღვინეობას მისდევს. ვენახიდან ბოთლამდე გზას მისი ღვინოები მისივე უშუალო ჩართულობით გადის. ამ ეტაპზე „შალოს მარანი“ ბაზარზე ოთხი ღვინით არის წარმოდგენილი: რქაწითელი, საფერავი, ალექსანდროულ-მუჯურეთულის კუპაჟი და საფერავი-თავკვერის კუპაჟი. მომდევნო წელს კი ენთუზიასტი მეღვინე სახეობებს რვამდე გაზრდის, რის შესაძლებლობასაც რაჭისუბნის ვენახში გაშენებული ჯიშები მისცემს.

„ადრე ღვინოს მუხის დიდ ჩანებში ვაყენებდით, რაც ბოლნისში გერმანელების მიერ დატოვებული ტრადიციაა. როდესაც ახალი ვენახი გავაშენეთ და ამ ორსაუკუნოვან მარანში ქვევრებიც ჩავყარე, ღვინოს ტრადიციული მეთოდითაც ვაყენებ. ქვევრებში უმეტესად თეთრ ჯიშებს, წითლებს კი ჯერ მუხის ჩანებში ვადუღებ, შემდეგ უჟანგავ ცისტერნებში გადამაქვს, რის შემდეგაც ღვინო დავაგრებას მუხის კასრებში განაგრძობს.“

თორნიკე ვენახებში მხოლოდ ბიოპრეპარატებს იყენებს და მეოთხე წელია, ორივე ვენახს ასე უვლის – საკუთარი ხელით, რთვლიდან რთვლამდე. აქვე ახალი მარნის აშენებას და ქვევრების ჩაყრასაც აპირებს. მისი ღვინოები ექსპორტზე სიგნაპურსა და გერმანიაში გადის. სამომავლო გეგმებში კი ამერიკა და იაპონიაა.

Total
0
Shares
Prev
კახური ღვინის მარანი

კახური ღვინის მარანი

„კახური ღვინის მარნის“ ისტორია საუკუნეს ითვლის, რაც საქართველოში ღვინის

Next
Chronicles of Autumn in “Shalos Marani” vineyards

Chronicles of Autumn in “Shalos Marani” vineyards

The marvelous colors of Autumn seem brighter in of Shalos Marani vineyards,

You May Also Like