ატენის ხეობა – საქართველოს მეღვინეობის მარგალიტი

| გიორგი ბარისაშვილი |

ეს ხეობა უძველესი დროიდან იყო განთქმული საუკეთესო ხარისხის ღვინით. ატენის ხეობა, რომელიც თავიდან ბოლომდე 35 კილომეტრის სიგრძისაა, საკმაოდ მცირემიწიანია, ამასთან, მეტად რელიეფურიც. აქ ძირითადად გვხვდება ყავისფერი კარბონატული და ყავისფერი ნიადაგების ტიპები. გვხვდება ყომრალებიც. ქართლში ამგვარი ნიადაგები თითქმის ყველგანაა, მაგრამ ატენური ღვინის ერთ-ერთი საიდუმლო ისიც გახლავთ, რომ მთელს ამ ვიწრო ხეობას ორივე მხრივ გაუყვება კლდოვანი მასივი, რისი ნაშალიც საუკუნეების განმავლობაში ბარში ჩამოჰქონდა თოვლსა თუ წვიმას. სწორედ ეს ნაზავი განაპირობებს აქაური ღვინის ერთგვარ თავისებურებას.

ღვინო „ატენური“ რომ მართლაც გამორჩეულია, ეს მხოლოდ ერთი საგნის გამო არ ხდება. მის ხასიათს, როგორც ითქვა, განაპირობებს კლდის ნაშალი, რაც პირველ რიგში, ყურძენსა და შემდგომში ღვინოსაც ამდიდრებს მიკროელემენტებით. ამას მოსდევს ვაზის ჯიშები – ჩინური, გორული მწვანე და ბუდეშური, რისგანაც ყენდებოდა აქაური ღვინო – ატენური. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება გახლავთ ის რომ, მცირემიწიანობიდან და მთაგორიანობიდან გამომდინარე, ატენის ხეობაში თავიდანვე ჩამოყალიბდა მევენახეობის ტერასული მიმართულება. აქ ვხვდებით, როგორც ქვებით აშენებულ ტერასებს, ისე დაბაქნებულებსაც. ტერასული მევენახეობის გამოყენებით ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალხარისხიანი პროდუქციის მოსაცემად, ვაზს განსაკუთრებული პრობები შეუქმნა: ნიადაგის ექსპოზიციის, მორწყვის ბუნებრივი სისტემის, მზით განათებისა და ვენტილაციის თვალსაზრისით. საბოლოოდ ეს ყოველივე აისახა ატენურ ღვინოში, რასაც ძველი დროის არაერთი უცხოელი მოგზაურიც აღნიშნავს.

ატენის ხეობას აქვს კიდევ არაერთი განმასხვავებელი ნიშანი. ერთ-ერთია, მაგალითად ის, რომ ატენს გააჩნია ადგილობრივი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში – ატენური საფერავი. ეს ჯიში ძველად ატენის მთელს ხეობაში ყოფილა გავრცელებული, ამჟამად კი იშვიათობას წარმოადგენს და სულ რამდენიმე მევენახესთან თუ შევხვდებით. შესაბამისად, მისი ღვინო ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ ადგილობრივი მევენახეები უკვე დაინტერესდნენ ამ ჯიშით და ახლო მომავალში ატენური საფერავი კვლავ გახდება ცნობილი. მისი მოსავალი სხვა ვაზის ჯიშებთან შედარებით ადრე მწიფდება. ღვინო წითელი შეფერვისაა, არის ხალისიანი და ხავერდოვანი, აქვს საინტერესო ჯიშური არომატი და მთლიანობაში ამ ხეობისათვის საკმაოდ პერსპექტიული ჯიშია, რომლის ღვინო კარგადაც ინახება.

ამჟამად, ატენის ხეობაში ვხვდებით ქართლის ვაზის ჯიშებს: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო, ბუდეშური და ატენის საფერავი. თუმცა, როგორც ითქვა, ღვინო ატენური ყენდება ქართლის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშების – ჩინურის, გორული მწვანისა და უფრო იშვიათად ბუდეშურის ერთმანეთში შერევით. ეს ღვინო გამოირჩევა სინაზით, არის მსუბუქი, ხალისიანი და სურნელოვანი.

ხეობა მეტად პერსპექტიულია ცქრიალა ღვინის დასაყენებლადაც, რადგან აქ მოწეული ყურძენი ამისთვის შესანიშნავ თვისებებს ავლენს. თუმცა ხეობაში ძირითადი აქცენტი თეთრი მშრალი ღვინის დაყენებაზე უნდა გაკეთდეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ატენური“ ღვინო ქვევრთან კარგად მეგობრობს. მართალია, ამჟამად ხეობაში ცოტა მარანი ფუნქციონირებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც დიდი ნაბიჯებია გადადგმული. გაშენდა ვენახები, მათ შორის ტერასებზე. აშენდა არაერთი მარანი, საიდანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მაგალითად, ატენის დედათა მონასტრის მარანი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბოთლში ჩამოისხა ატენური ღვინო, რომელიც უკვე იღებს მონაწილეობას ქვეყნის შიდა თუ უცხოეთის გამოფენებზე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ატენური მარნების თავისებური სტილი. ამ ხეობაში, და მეტადრე თვითონ ატენში, განსხვავებული ტრადიციული მარნები გვხვდება. ასევე განსხვავებულია აქაური ქვითკირის საწნახელებიც. სხვათა შორის, სწორედ ამ ხეობას უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერები – „ატენის ღვინოვ ნაქებო“ და „საწნახელური“. ამ უკანასკნელს ადგილობრივები მხოლოდ მაშინ მღეროდნენ, როდესაც ხდებოდა საწნახელში ყურძნის დაწურვა.

აქაურ მევენახეობა-მეღვინეობას არაერთი საინტერესო ისტორიული დოკუმენტიც უკავშირდება, საიდანაც ვიგებთ, რომ ატენის ხეობაში ვაზისა და ღვინის კულტურა ძველად მაღალ დონეზე მდგარა. ამ ხეობას უკავშირდება ქართლის მევენახეობის ადგილწარმოშობის დასახელება, რომელიც „ატენის“ სახელითაა სახელდებული. აქაურ მარნებში ძველად ძირითადად ქსნის ხეობის ქვევრები გვხვდებოდა. დღევანდელი მარნები კი უმეტესწილად იმერეთიდან ჩამოტანილი ქვევრებითაა გამართული. ერთი განსაკუთრებით აღსანიშნავი ვითარება ესაა აქაური მევენახეობის ბიომიმართულება, რაც ადგილობრივ ღვინოს კიდევ უფრო მიმზიდეველს ხდის. მისასალმებელია, რომ მევენახეთა უმეტესობა, რომლებიც ატენის ხეობაში აშენებენ ვენახებს, სწორედ ბიომიმართულებას ირჩევენ. ბიომევენახეობა ხეობისთვის ნამდვილად პერსპექტიულია, განსაკუთრებით კი ამგვარ მცირემიწიან ადგილებში. ამის გარდა, ატენის ხეობის კიდევ ერთი საინტერესო მხარე ღვინის ტურიზმია, რაც ამ ეტაპზე არცთუ მაღალ დონეზე დგას. თუმცა, ვენახების გაშენებასა და მარნების მშენებლობასთან ერთად, ეს მიმართულება ავტომატურად განვითარდება.

Total
0
Shares
Prev
IMERETIAN WINE ASSOCIATION’S ACTIVE YEAR

IMERETIAN WINE ASSOCIATION’S ACTIVE YEAR

The Imeretian Wine Association was established in 2022 with the support and

Next
THE JOURNEY THROUGH BABANEURI’S MARANI WITH BIG WINE FAMILY

THE JOURNEY THROUGH BABANEURI’S MARANI WITH BIG WINE FAMILY

The history of “Babaneuri’s Marani” starts in 2004, when the Idoidze family

You May Also Like