YOUNG WINE-MAKERS

თაზო თამაზაშვილი |
საქართველოს საუკეთესო სომელიე, 2018 |

ჩემს ახალ რუბრიკაში წარმოგიდგენთ იმ ახალგაზრდა მეღვინეებს, რომლებსაც აქვთ მცირე წარმოება, ორიენტირებულები არიან ხარისხზე, ექსპერიმენტებზე, საინტერესო სამომავლო ხედვები და გეგმები გააჩნიათ, არ აწარმოებენ ყველა სტილს (არადა, შეუძლიათ), ყველა სვლა კარგად აქვთ გათვლილი, აქვთ სურვილი შექმნან უნიკალური პროდუქტი და გააცნონ მომხმარებელს. ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას სწორედ ასეთი მცირე მწარმოებლების მეშვეობით გვექმნება წარმოდგენა ქვეყნისა თუ რეგიონის ღვინის შესახებ.

წარმოგიდგენთ:
ნიკოლოზ ხომასურიძე
| მეღვინეობა IGI | მეღვინე | სომელიე.
საბა ქიტიაშვილი | მეღვინეობა Spring Fields/გაზაფხულის მინდვრები | მეღვინე | სომელიე.
ბექა ურჯუკაშვილი | ურჯუკას მარანი | მეღვინე | პროფესიონალი მორაგბე.
ირაკლი გეწაძე | მეღვინეობა Tsero Wine/წერო ვაინ | მეღვინე.


ნიკოლოზ ხომასურიძე

„ამ სფეროში მოსვლის დღიდან მთავარი მიზანი საკუთარი ღვინის წარმოება იყო. IGI ჩემი ახდენილი ოცნებაა და მისი ისტორია 2020 წლიდან, რთული პანდემიური პერიოდიდან იწყება: თბილისში, ივერთუბანში, პატარა საოჯახო მარანი ავაშენე, 4 ქვევრით, რომლებშიც 2021 წლის მოსავლით ღვინო დავაყენე. პირველი მცდელობა ტრადიციული (ქვევრის) მეთოდით კახურ ჯიშებთან – რქაწითელი და ქისი – მუშაობა გახლდათ. ვთვლი, რომ რქაწითელი, რომელიც წამყვანი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს, არც შესაბამისადაა დაფასებული და ბოლომდე არ ვიცნობთ მის შესაძლებლობებსა თუ პერსპექტივებს.

პირველი მცდელობა, უფრო კი ექსპერიმენტი, კონდოლის ზონაში მოწეული რქაწითელისა და ქისის სეპაჟი გახლდათ (2021). კონდოლი გამორჩეულია თავის მიკროკლიმატით და ამ ზონაში მოსავალიც საუკეთესო მოდის. მომდევნო წელს კი (2022) კონდოლის რქაწითელისა და ახმეტის ქისის სეპაჟი ვცადე. ეს ცდა ახლა მომცემს შედეგს.

წარმოშობით რაჭველი (ზემო რაჭა) ვარ და მომავალში ამ რეგიონის ყურძნის ჯიშებზეც ვაპირებ მუშაობას. ჩემთვის განსაკუთრებულ ინტერესს ზემო რაჭა წარმოადგენს. გლობალური დათბობის პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ეს ზონა, სადაც დღეს ღვინის წარმოება არ გვაქვს, მეღვინეობა-მევენახეობის თვალსაზრისით ძალიან აქტუალური გახდეს.

IGI-ს შემნისას ჩემი შთაგონების წყარო მწერალ ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოები გახდა, სადაც იგი – ანტიკური პერიოდის ადამიანი – გამოქვაბულიდან გამოდის და შემეცნების პროცესის შედეგად ნელ-ნელა იშლება წელში. სწორედ ეს სიუჟეტია გადმოტანილი ეტიკეტზეც. მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გაგვაჩნია, ობიექტური მიზეზების გამო, ჯერ ისევ განვითარების ეტაპზე ვართ, ამიტომაც მსურს, IGI ამ განვითარებისა და წელში გამართვის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე იყოს.“

თაზო თამაზაშვილი: ნიკოლოზის ორივე მოსავალი მაქვს გასინჯული და ვფიქრობ, ქისისა და რქაწითელის ნამდვილად კარგი სეპაჟი გააკეთა. საინტერესოა რქაწითელის სხეულსა და სტრუქტურას დამატებული ქისის არომატები, რომლებიც თეთრ კურკოვან ხილში და ჯემისებრ ტონებში გადაიზრდება. ღვინო გემოზე დაბალანსებულია, ტანინისა და მჟავიანობის კომპლექსი კარგ ეფექტს ქმნის სხეულთან ერთად. იდეალურია კახურ ტრადიციულ კერძებთან და გუდის ყველთან, რომელსაც ძალიან უხდება ტანინიანი და ოდნავ მოტკბო ტონები.

საინტერესოა IGI-ს საფერავიც, რომელიც მოსავლის წლიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალსხეულიანი გამოვიდა. ეს გასტრონომიული ღვინოა და მომხმარებელს ვურჩევ, საინტერესო კერძებთან ანდა მაგარ, დაძველებულ ყველთან ერთად მიირთვას, რადგან ღვინის სხეულიანობა კარგად არბილებს და მეტად შლის გემოებს.


საბა ქიტიაშვილი

„მუსკატური რქაწითელისგან ღვინო პირველად 2017 წელს დავაყენე და ამავე წელს დავწერე ამ ჯიშის შესახებ სამაგისტრო ნაშრომიც. მას შემდეგ
მუსკატური რქაწითელი ბევრად უკეთ მაქვს შესწავლილი და თაზოც პირველივე წლიდან მომსწრეა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩემი ექსპერიმენტებისა და ევოლუციის.

წარმოშობით ქართლიდან ვარ. ორი სოფელი მაქვს – მარანა და ვარიანი. მუსკატური რქაწითელის ვენახი სწორედ მარანაში გავაშენე და მომავალში, ჩემივე მოსავლით ვაპირებ ღვინის დაყენებას. მანამდე კი, ამავე ჯიშის ყურძენს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილწარმოშობის დასახელების ზონაში – მანავში ვყიდულობ.

მუსკატური რქაწითელი ახალსელექციური ჯიშია, გამოყვანილი და მიღებული რქაწითელისა და ალექსანდრიული მუსკატის შეჯვარებით. ორივე მსოფლიოში უძველეს ჯიშებად მიიჩნევა. ალექსანდრიულ მუსკატს სასუფრე-საღვინე დანიშნულება აქვს, რქაწითელს – მხოლოდ საღვინე. მათგან გამოყვანილი მუსკატური რქაწითელი კი ორივე დანიშნულებისაა – როგორც სასუფრე, ისე საღვინე.

ჩემი ფილოსოფია მეღვინეობაში ვიწრო სპეციალობით სვლა, მაღალ დონეზე აყვანილი და ძალიან სახასიათო ღვინის შექმნაა, როცა ყოველ წელს იცი, რა დაგხვდება ბოთლში; ნებისმიერ ბოთლს, რომელსაც გახსნით, მეღვინის სახელსა და ხელწერას მაშინვე რომ ამოგიტივტივებთ გონებაში – აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„გაზაფხულის მინდვრების“ ლოგოსა და ეტიკეტზე ატმის ყვავილზე მოფუსფუსე ფუტკარია. თავად მუსკატური რქაწითელი ძალიან არომატულია ჯიშია, საინტერესო და მსუბუქი, რაც გორში ჩვენს ბაღებთან ასოცირდება. სწორედ ატმის ბაღები გვქონდა გაშენებული იმ ადგილას, სადაც ახლა მუსკატური რქაწითელის ახალშენი მაქვს.“

თაზო თამაზაშვილი: საბა დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს მუსკატურ რქაწითელზე და ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ამ ჯიშით დაინტერესდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მის ყველა დეგუსტაციას ვესწრები და ვიცი, რომ სცადა ყველა სტილი – როგორც წყნარი, ცქრიალა და შემაგრებული, ისე ბლენდი სხვადასხვა ჯიშებთან. ყოველწლიურად ვითარდება და ამ ჯიშისგან ქმნის საინტერესო პროდუქტს, რასაც სამომავლოდ დიდ ღვინოს ვუწოდებთ.

ღვინოში ნაკლებ ფილტრაციას იყენებს. „გაზაფხულის მინდვრების“ მუსკატური რქაწითელი ინტენსიური არომატით გამოირჩევა, აქვს სასიამოვნო ტროპიკული ხილის, ციტრუსოვანი და მცენარეული ტონები, რომლებიც ასაკთან ერთად ასეთი სტილის ღვინოს უფრო მეტად უვითარდება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ღვინოს ბოთლში დაძველების კარგი პოტენციალი გააჩნია. გემოზე ცოცხალი მჟავიანობა ახასიათებს, რომელიც არომატების ფართო გამას უფრო ხანგრძლივად გვაგრძნობინებს. უხდება ინტენსიურ, სანელებლებით დატვირთულ კერძებს, ან შესუნელებულ ყველს, რა დროსაც აუცილებლად წარმოიქმნება მესამეული გემოები.

„გაზაფხულის მინდვრების“ ხიდისთაურის ვარდისფერი როზე კი მუსკატური რქაწითელია თავკვერის ჭაჭაზე. ჭაჭისგან სასიამოვნო ვარდისფრად (უფრო კი ხახვისფრად) შეფერილ ამ ღვინოს თან სდევს თავკვერისგან გადმოყოლილი კენკროვანი და წითელი ყვავილების ტონები, რაც მას ასე სასიამოვნოს ხდის.


ბექა ურჯუკაშვილი

„ღვინის დაყენება საოჯახო ტრადიციაა. ამ საქმიანობას ჩვენს მარანში ბავშვობიდან ვადევნებდი თვალყურს. ბოლო რამდენიმე წელია, თავადაც აქტიურად ჩავერთე მეღვინეობაში. არ მეგონა, რაგბის გარდა, ასე სიღრმისეულად და სიყვარულით თუ კიდევ რამეს მოვკიდებდი ხელს. დღეს, მამასთან ერთად „ურჯუკას მარანი“ გვაქვს. ჩვენ ურჯუკები ვართ – რაც მოუხელთებელს და თავისუფლებისთვის მებრძოლს ნიშნავს.

ბოთლში ღვინო პირველად შარშან ჩამოვასხით, მცირე რაოდენობით, ჩვენსავე მარანში, რომელიც პატარძეულში მდებარეობს. ამ მიწებზე, წლების წინ, ყველას საუკეთესო ვენახები ჰქონდა გაშენებული და ყურძენიც საუცხოო მოდიოდა. დღეს, ობიექტური მიზეზები გამო, ვითარება შეცვლილია. დიდი სურვილი მაქვს, პატარძეულში აუცილებლად დავაბრუნოთ ვაზი. ვენახის გაშენებას იმ ადგილას ვგეგმავ, რომელიც ბავშვობიდან მაქვს მეხსიერებაში ჩარჩენილი.“

თაზო თამაზაშვილი: ბექა კახურ ღვინოებს აწარმოებს, მათ შორის ხაშმის საფერავს, რომელსაც დაძველების კარგი პოტენციალი აქვს. ღვინო ინტენსიური ლალისფერია, კარგად იგრძნობა ჯიშური არომატები – ალუბალი, შავი ქლიავი, შავი წიწაკა და მიწის ტონები, რაც ხაშმის ადგილწარმოშობისთვის არის დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო საკმაოდ ახალგაზრდაა (2022), კარგად არის დამრგვალებული, ტანინების და მჟავიანობის კომპლექსიც დახვეწილია და სრულ სხეულთან ერთად იდეალურ ბალანსს ქმნის. როგორც აღვნიშნე, ამ ღვინოს ბოთლში დაძველების დიდი პოტენციალი აქვს, რა დროსაც მიწის ტონები კვამლისა და სანელებლის ტონებში გადაიზრდება, რაც დელიკატურად ითვლება ასეთ სხეულიან ღვინოებში.

კახეთში უამრავი კერძი გვაქვს, რომლებთანაც ამ სტილის ღვინის შეხამება შეგვიძლია და მათგან ჩემი ფავორიტი ხბოს ჩაშუშულია საფერავში. რადგან ღვინო ასეთი ინტენსიურია, კარგად დაწყვილდება ბატკნის გამომცხვარ ხორცთანაც.

რაც შეეხება „ურჯუკას მარნის“ თეთრ ბლენდებს: რქაწითელი და მანავის მწვანე – ღვინო საკმაოდ არომატულია. ბოკალში დასხმის თანავე ამოიფრქვევა მწვანესთვის დამახასიათებელი თეთრი ხილისა და ყვავილების ტონები. ხავერდოვანი და სასიამოვნოდ მისართმევია. ეს გასტრონომიული ღვინოები კარგი წყვილია კახური სტილის და ხორცეულით დატვირთულ სხვა კუთხის სამზარეულოსთან.


ირაკლი გეწაძე

„მეღვინეობა „წერო ვაინის“ ისტორია 2019 წლიდან იწყება. მანამდე იყო აგრობიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტი, შემდეგ რამდენიმე წელი საინჟინრო მიმართულებით მუშაობა. მეღვინეობის სფეროს დიდი ინტერესით მხოლოდ შორიდან ვანდევნებდი თვალს. როგორც ქართული ოჯახების უმეტესობას, ჩვენც გვქონდა ვენახი და საოჯახო პირობებში ღვინოსაც ყოველთვის აყენებდნენ უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ ჩემი მიზანი იყო ისეთი ღვინო მეწარმოებინა, რომელიც ბაზარზე იქნებოდა წარმოდგენილი როგორც ხარისხიანი პროდუქტი.

2019 წელს, ერთ-ერთ კომპანიაში ინჟინრად მუშაობის პარალელურად მეღვინეობის კურსის გავლა გადავწყვიტე. მაშინვე მივხვდი, ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად ძალიან ბევრი რამ მქონდა სასწავლი, ამიტომ მალევე აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება მივიღე. მეორე ლექციაზევე ცხადი გახდა, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა მესწავლა და მეკეთებინა, ამიტომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე და მთლიანად ღვინოზე გადმოვერთე. ამ დროიდანვე იწყება „წერო ვაინის“ ისტორიაც.

2019 წელს, ჩვენივე ვენახებში მიღებული მოსავლით დავაყენე ჩემი პირველი ღვინო – ჩინური და თავკვერი. მესამე წელია, სახეობებიც დავამატე და ჩინურისა და თავკვერის გარდა „წერო ვაინის“ ღვინოების ჩამონათვალს მუსკატური რქაწითელი და საფერავი შეემატა. თავკვერი, ჩინური და რქაწითელი ჩემს ვენახებში მაქვს გაშენებული, ხოლო საფერავს მუკუზნის ზონაში ვყიდულობ.

მეღვინეობის სახელწოდება „წერო ვაინი“ ჩვენი სოფლიდან, წეროვანიდან მომდინარეობს: გადაფრენისას, წეროებს სწორედ აქ ჰქონდათ დასასვენებელი ადგილი – წეროების ვანი.“

თაზო თამაზაშვილი: ირაკლის მუსკატი არომატულია, გემოზე დაბალანსებული, ჯიშური მაღალინტენსიური ტროპიკული არომატებით. კარგად არის წარმოჩენილი ტკბილი მცენარეებისა და სანელებლების ტონები. გემოზე არომატები მეორდება და ქმნის საისამოვნო კომპლექსს, ხანგრძლივ ხავერდოვან დაბოლოებასთან ერთად.

ყოველთვის მომწონს, როდესაც ღვინოში იგრძნობა რეგიონი – „წერო ვაინის“ ჩინური კი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და საუკეთესო ვარიანტიც, რაც ამ ჯიშის ყურძნისგან შეიძლება დამზადდეს. ეს არის ჯიში, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლოდ, როდესაც ირაკლი გადაწყვეტს ახალი სტილის დამატებას, ვურჩევ ჩინურისგან ცქრიალა ღვინო დააყენოს. ორივე სტილი იდეალურად შეეხამება თევზეულს და ზღვის პროდუქტებს. ეს ჯიში მსუბუქი, კარგად გამოხატული ციტრუსოვანი და მინერალური ტონებით გამოირჩევა, რაც ახასიათებს ქართლს, კონკრეტულად კი იმ ტერუარს და იმ ტიპის ნიადაგებს, რაზეც ჩინურს აშენებენ.


თუ დააკვირდებით, ოთხივე მეღვინეს განსხვავებული კონცეფცია და მიდგომები გააჩნია, რაზეც ვსაუბრობდი კიდეც დასაწყისში, სადაც მოკლედ დაგიხასიათეთ ახალი რუბრიკა და მისი მიზნები. თითოეულის ღვინოში კარგად ჩანს მეღვინის ხელწერა, იგრძნობა ვენახიც, ჯიშიც, ადგილწარმოშობაც. მოხარული ვარ, რომ ყველა მათგანი უკვე ამბობს თავის სიტყვას ქართულ მეღვინეობაში.

ასეთი საინტერესო ღვინოების ადგილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისეთ ბარებსა და რესტორნებშია, სადაც სტუმრებს უყვებიან ღვინოზე, მეღვინეზე, მის ფილოსოფიასა და ტრადიციაზე ისევე, როგორც ჩვენ მოგიყევით აქტიური სპორტიდან მეღვინეობაში ჩართული ბექა ურჯუკაშვილის შესახებ, ანდა საბა ქიტიაშვილის, რომელმაც კონკრეტულ ჯიშზე ნაშრომი დაწერა, ირაკლისა და მის სიამაყეზე იმ ადგილით, სადაც ღვინოებს აწარმოებს და ხედავს მისი განვითარების პერსპექტივებს, ანდა ნიკოლოზზე, რომელსაც რქაწითელის ჯერ კიდევ დაფარული საიდუმლოებები აინტერესებს და ამავე დროს, ზემო რაჭის განვითარებაზეც ფიქრობს.

ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავცეთ ჩვენს კოლეგა მეღვინეებსა და სომელიეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს ღვინოები არის მოსაყოლი, რათა იგრძნოთ მათი ხიბლი და გაოცდეთ მათი ისტორიით. ასეთ ისტორიებს მსოფლიოს ცნობილ მეღვინეობებში ხშირად ვხვდებით და ასეთები გვაქვს ჩვენც, რომლებიც ახლა იწერება ამ ახალგაზრდა მეღვინეების მიერ და რომლებიც კიდევ ბევრი წლის განმავლობაში აცოცხლებს ღვინის ამა თუ იმ ბრენდს და არ დაუკარგავს პოპულარულობას.

https://www.instagram.com/homelandofwinemagazine/

Total
0
Shares
Prev
მწვანე გურია

მწვანე გურია

ქეთი კვიჭიძე გურია, სუბტროპიკული ჰავით – ჭარბტენიანი ზაფხულით და ზომიერად

Next
A LEGACY OF UNSTOPPABLE DEVELOPMENT: Château Mukhrani’s Enduring Journey

A LEGACY OF UNSTOPPABLE DEVELOPMENT: Château Mukhrani’s Enduring Journey

Château Mukhrani’s modern story began in 2002 when a group of investors

You May Also Like