| Homeland of Wine Magazine |
თაზო თამაზაშვილი, ლაშა ცატავა და საბა ხუციშვილი საუბრობენ ქართული მაღალალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისა და ამავე ბაზრებზე თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

თაზო თამაზაშვილი: ღვინის ნაწილში, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კარგი მარკეტინგული კამპანია აქვს, რაც ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, ჯიშურ მრავალფეროვნებასა და დამზადების ტექნოლოგიას ეფუძნება. ამავე ბაზრებზე ნაკლებად ვპოზიციონირებთ ჩვენი მაღალალკოჰოლური სასმელებით – ჭაჭით, ღვინის ბრენდითა თუ ხილის დისტილატებით, რისი კულტურაც საქართველოში, საუკუნეებია არსებობს. დღეს, ამ კულტურას პოპულარიზაცია ესაჭიროება როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, სადაც მოთხოვნაც მაღალია, ტენდენციებიც საინტერესო. საქართველოში გვყავს მცირე მწარმოებლები, რომლებიც ნატურალურ პროდუქციას აწარმოებენ ჭაჭის, დისტილატებისა და კრაფტ ლუდის სახით. ერთ-ერთი ასეთი საბა ხუციშვილი და მისი წარმოება შუანოა.
საბა ხუციშვილი: ჩვენი საწარმოს ისტორია წლების წინ, თაფლის ლუდის დამზადებით დაიწყო. განსხვავებული პროდუქტი გამოგვივიდა, რომელმაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის ინტერესი. შემდეგ, ლუდის წარმოებას ხილის დისტილატების მიმართულება დავამატეთ. დღეს, შუანოში 22 სახის დისტილატი გვაქვს, რისთვისაც ხილს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევთ.

გვაქვს კომშის, ბროწეულის, კარალიოკის, ფეიხოას, ტყემლის და სხვა ხილის დისტილატები. მათ შორის, ერთ-ერთი – კომშის, განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს (150 კილო კომშიდან დაახლოებით 3 ლიტრი დისტილატი გამოდის). ფილტრაციას ვერცხლის ფილტრში, შემდეგ ნახშირში, ქაღალდსა და კვარცში ვახდენთ. ახლახან ყინულის ფილტრაციაც დავამატეთ. ფეიხოას, კომშის, ასევე ხორბლისა და სიმინდის დისტილატები, ფასიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე კარგად იყიდება. ამას მოსდევს ჭანჭურის და ბროწეულის (სოფელ ქვემო ქედის ბროწეულის პლანტაციებიდან) დისტილატები. ვიყენებთ როგორც კულტურულ, ისე ველურ ხილს. ველური ხილის მინუსი ნაკლები გამოსავლიანობა, პლუსი კი საუცხოო არომატებია. დისტილატებს ახალციხის თუთისგან და შიდა ქართლში მოწეული მსხლისგანაც (უილიამსი) ვაწარმოებთ. შუანოში ასევე გვაქვს ნატურალური ლიმონათები ტყემლისგან, თაფლისგან. ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე რესტორანშია წარმოდგენილი, თუმცა თავის დამკვიდრება დიდ ძალისხმევად გვიჯდება.
ჭამა მამა
მაღალალკოჰოლურ სასმელებში არტიზანული და კრაფტ მიმდინარეობა სულ უფრო პოპულარული ხდება. ასეთ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება ამერიკის ბაზარზე, სადაც ჭამა მამა რამდენიმე ფილიალით არის წარმოდგენილი.
ლაშა ცატავა: ქართულ არტიზანულ სასმელებს ბაზარზე პატარა, მაგრამ თავისი ადგილი მაინც უკავია.ისმის კითხვა: რა ფასად უჯდება მცირე მწარმოებელს ამ ადგილის მოპოვება?! ქართული ჭაჭისა და დისტილატების ცნობადობა მაღალი არ არის, ამიტომ მწარმოებლებს ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მუდმივი ბრძოლა უწევთ. როგორც ჭამა მამას სასმელების მიმართულების დირექტორი, პოზიციებს ადვილად არ ვთმობ და სწორედ ასეთ საინტერესო პროდუქტებს ვეძებ ჩვენი ღვინის და კოქტეილების ბარათისთვის. ჭამა მამაში, სტუმრებისთვის ქართული პროდუქციის სწორად წარდგენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღევანდელ მომხმარებელს აინტერესებს რა ისტორია და ამბავი მოჰყვება იმ სასმელს, რომელსაც აგემოვნებს, რით არის ის განსხვავებული.

როდესაც ჭამა მამას ღვინის ან კოქტეილის ბარათში ხვდება ისეთი გემო (სასმელი), რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს, მის შეხამებას კარგად ნაცნობ გემოებთან ვაკეთებ. ეს ჩვენს ინდუსტრიაში ახალი პროდუქტის მიწოდება/გაცნობის გამოცდილი ტექნიკაა, რომელიც კარგად მუშაობს.
რაც უფრო განსხვავებული და უნიკალურია პროდუქტი, მით მეტად გასათვალისწინებელია, როგორ მიდგომას ავირჩევთ და როგორ დავეხმარებით მას გაყიდვებში. ერთია, როდესაც ასეთ პროდუქტს ვყიდით რესტორანში, სხვა საქმეა რითეილ აუთლეთები, სადაც მცირე მწარმოებლებისთვის ადგილის მოპოვება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მარკეტინგული და პიარ-კამპანიების წარმოება, რათა ასეთ სასმელებს ჰქონდეს როგორც მაღაზიების, ისე ბარის თაროებზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა.
თაზო თამაზაშვილი: ლატვიაში, სადაც ამჟამად ვსაქმიანობ, საქართველოს და ქართულ პროდუქტებს კარგად იცნობენ. მათ შორის, ჭაჭას, რომელიც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. სხვა საქმეა ხილის დისტილატები, კრაფტ ლუდი, კრაფტ ჯინი – ამ ნაწილში ცნობადობა ნაკლებია, ამიტომ მომხმარებლისთვის მათ წარდგენასა და შეთავაზებას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.
ამბეს ამბავი
ლაშა ცატავას ოჯახი აწარმოებს ჭაჭას და მაგარ სასმელს (Wine Spirit) – ამბეს სახელწოდების ქვეშ. ამბე მეგრულ ენაზე ამბავს ნიშნავს. მაგარი სასმელი ყურძნისეული წარმოშობისაა, იწარმოება ერთ ვენახში მოკრეფილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინის გამოხდის შედეგად. გაზავებულია ალპური ზონის წყაროებიდან მოპოვებული დაბალმინერალიზებული ბუნებრივად დარბილებული წყლით. დავარგებულია 3-4 თვით გამოუსანთლავ ქვევრში და ბოთლში ჩამოსხმამდე გატარებულია ნახშირის ფილტრში. რქაწითელისგან იწარმოება ამბეს ჭაჭაც.
ბაზრის მიმოხილვა
თაზო თამაზაშვილი: საქართველოში, როგორც სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ისე ბარის თაროებზე ნაკლებად შეხვდებით ქართულ კრაფტ პროდუქტებს. პრობლემაა, როცა შიდა ბაზარზე ასეთი ტიპის სასმელების პოპულარიზაცია არ ხდება. საქართველოს მრავლად ჰყავს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც სწორედ ავთენტური ქართული გემოები აინტერესებთ. მცირე მწარმოებლების მრავალფეროვანი გემოებით გაჯერებული, გამორჩეულად საინტერესო დისტილატები, თუ ჭაჭა, აუცილებლად უნდა იკავებდეს თაროზე ადგილს.
რაც ეხება საერთაშორისო ბაზარს, დიდი მწარმოებლების დომინირების მიუხედავად, მცირე მწარმოებლებსა და მათ პროდუქტებს აქ თავისი უპირატესობა გააჩნია. დღევანდელ მომხმარებელს აინტერესებს ტერუარული, ხელნაკეთი, ლიმიტირებული წარმოების სასმელები, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებება იქნება, თუ ფესტივალი, აუცილებელია, მხოლოდ ღვინით კი არა, ასეთი სასმელითაც ვიყოთ წარმოდგენილი. ამ მხრივ, საქართველოს დიდი მრავალფეროვნება გააჩნია.

რაც ეხება ევროპულ ბაზრებს, აქ კარგადაა განვითარებული დიჟესტივის კულტურა, შესაბამისად, მაღალალკოჰოლური სასმელების მოხმარებაც მაღალია. ევროპაში ჭაჭას ნამდვილად აქვს პოტენციალი. რაც შეეხება ხილის დისტილატებს, მათი მოხმარება ხშირად არა პირდაპირ, არამედ კოქტეილებში ხდება. მდიდარი გემოების დისტილატისგან დამზადებული კოქტეილები ევროპაში დიდი ხანია ტენდენციად იქცა. სწორედ აქ ესაჭიროება ქართულ სპირტიან სასმელებს მეტი მარკეტინგული მხარდაჭერა.
ლაშა ცატავა: როგორც ადგილობრივ, ისე გარე ბაზრებზე მთავარ გამოწვევად ცნობადობა რჩება. ასევე გასათვალისწინებელია ახალგაზრდა თაობის მხრიდან ადგილობრივ ნაწარმზე ინტერესის ნაკლებობა და არჩევანი ხშირად არცთუ ხარისხიანი უცხოური ნაწარმის სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია ფასის ფაქტორიც: როგორც წესი, მცირე მწარმოებლების პროდუქტები ხშირად დაბალ და საშუალო საფასო კატეგორიაში არ არის წარმოდგენილი.
მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტის, დიალოგის არქონა ადგილობრივი ბაზრის კიდევ ერთი და შესაძლოა, მთავარი პრობლემაა. განვითარებისთვის საჭიროა, მუდმივად ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა, არსებობდეს ადგილები რითეილ სექტორში თუ კოქტეილ ბარებში, სადაც მომხმარებელს ყოველი მისვლისას ექნება მოლოდინი, რომ საინტერესო არჩევანს გააკეთებს.
სპირტიანი სასმელებისგან დამზადებული კოქტეილები
ლაშა ცატავა: ჭამა მამაში გვაქვს კოქტეილ-ბარათი ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებით. კოქტეილებში როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ მაღალალკოჰოლურ სასმელებს ვიყენებთ. ვქმნით სიროფებს სეზონური გემოების გათვალისწინებით როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური კოქტეილებისთვის (ტარხუნის, ასკილის, ლეღვის). გვაქვს ქართული კრაფტ ჯინი მალამო, რომლისგანაც ვამზადებთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კოქტეილს – ჯორჯია 1991. Feijoa Dream-ში ფეიხოს მაგარ სასმელს ვიყენებთ. რაც ეხება კლასიკურ კოქტეილებს, მაგალითად, Old Fashion-ს დიდი ხანია, კაკლის მურაბის სიროფით ვამზადებთ. ყოველთვის ვცდილობთ იმ ქართული გემოების გამოყენებას, რომლებზეც თავად გავიზარდეთ.
ვფიქრობ, ადგილობრივ ბაზარზე მეტი სითამამე და კრეატიული მიდგომებია საჭირო, რაც საინტერესო აისახება კოქტეილების კულტურაში. უცხოელი სტუმარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, სწორედ ამ კრეატიულობას ელის. საბას და სხვა მცირე მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია როგორ შეიძლება არ გავასინჯოთ ადგილობრივ თუ უცხოელ მომხმარებლებს?! რამდენი საინტერესო ამბის მოყოლა შეიძლება თითოეული ასეთი სასმელის შესახებ.






რეკომენდაციები
ლაშა ცატავა: იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სასმელებს ცნობადობის გაზრდასა და გაყიდვებში დავეხმაროთ, უნდა შევქმნათ ტრენდი. ტრენდის შესაქმნელად მომხმარებელთან მეტი საუბარი და აქტიური დიალოგია საჭირო იმის შესახებ, რით არის უკეთესი ქართული კრაფტ პროდუქტები და რა ხდის მათ უნიკალურს.
თაზო თამაზაშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისსა და ბათუმში ბარის კულტურა კარგადაა განვითარებული. სწორედ მათი მხრიდან უნდა გაჩნდეს ინტერესი ქართული არტიზანული სასმელების მიმართ. მნიშვნელოვანია, მეტი ავთენტური პროდუქტის შეთავაზება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ეს ჩვენს მრავალფეროვნებასაც გაუსვამს ხაზს და მცირე მწარმოებლებსაც დაეხმარება საქმიანობაში. სასურველია, არსებობდეს რეგულაციაც, რომელიც განსაზღვრავს იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის წილს ბაზარზე.