ცოლიკოური – საჩუქარი იმერეთიდან

ცოლიკოური იმერეთის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონში. ამ ჯიშს იმერეთისა და ლეჩხუმის რეგიონების სოფლებში – სვირსა და ტვიშში – უკავშირდება მევენახეობის განსაკუთრებული ზონების, ანუ მიკროზონების არსებობა. ეს ყოველივე მომდინარეობს იქიდან, რომ ცოლიკოური არის მაღალხარისხიანი ღვინის მომცემი, ამასთან, მისგან ყენდება შესანიშნავი ნახევრადტკბილი და ცქრიალა ღვინოებიც.

გიორგი ბარისაშვილი

ცოლიკოური მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯიში უხვმოსავლიანია და საშუალოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში მწიფდება. კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს ყველა ნიადაგის ტიპსა და შედარებით ჭარბტენიან პირობებს. ცოლიკოური გაშენებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, სადაც მას საკმაოდ დიდი სავენახე მასივები ეკავა.

ამ ჯიშის ახალი სიცოცხლე მას შემდეგ დაიწყო, როდესაც საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების საქმე აღორძინების გზას დაადგა. ქვევრმა მეღვინეობის ნატურალური მიმართულების მიმდევრებს არნახული საშუალებები მისცა. მართალია, ქვევრი ყოველთვის იყო იმერეთის მთავარი საღვინე ჭურჭელი, მაგრამ ჩვენ ვგულისხმობთ ბოლო, 20-25 წლის წინანდელ პერიოდს.

იმერეთის მთავარ ჯიშს – ცოლიკოურს მიმატებული ღვინის დაყენების იმერული მეთოდი, ტრადიციული საღვინე ჭურჭელი (ქვევრი) და ღვინის დაყენების ბიო თუ ნატურალური მიმდინარეობა – ამ ღვინოს ფართო გასაქანს აძლევს. ეს ყოველივე არ გამორჩენიათ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, განსაკუთრებით კი ქართული ტრადიციული სამზარეულოთი დაინტერესებულ პირებს. შედეგად, ჩვენებური ცოლიკოური არაერთხელ აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების თვალსაწიერში. მეტად უხეში შედარებაა, მაგრამ ეს ჯიში იმერეთის რეგიონისთვის იგივე ფასეულობას წარმოადგენს, რაც, მაგალითად, ბურგუნდიისთვის შარდონე… რეალობა მართლაც ამგვარია.

როგორც თავში აღინიშნა, ცოლიკოურის ვაზი დასავლეთ საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონში გვხვდება. თუმცა განსხვავებული კლიმატიდან და ნიადაგის ტიპებიდან გამომდინარე, ამ რეგიონებსა და სოფლებში ამ ჯიშის ღვინო ძლიერ განსხვავებულია. მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვევრში, იმერული მეთოდით დაყენებული ცოლიკოური, რაც ამ ღვინის ეტალონად უნდა ჩაითვალოს. იმერული მეთოდი გულისხმობს ყურძნის დაწურვისას ჭაჭის გარკვეული რაოდენობით დამატებას ფერმენტაციის პროცესში. ჭაჭის ეს რაოდენობა შესაძლოა მერყეობდეს ხუთიდან ოცდაათ პროცენტამდე. ამ ყოველივეს განაპირობებს ვენახის ექსპოზიცია, ყურძნის სიმწიფე და ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობები.

კულინარიული თვალსაზრისით ცოლიკოური ძალიან კარგად ეხამება იმერულ სამზარეულოს. დაწყებული მაჭრობიდან, ძლიერ ხანდაზმულ ასაკამდე – ეს ღვინო იმერული კერძების შესანიშნავი მეწყვილეა. მნიშვნელოვანია, რომ როგორიცაა ცოლიკოური და ზოგადად იმერული ღვინოები, ისეთი ხასიათისაა იქაური სამზარეულო და კერძებიც. ცხადია, ამ ღვინის ხასიათი არ შეცვლილა და როგორიც ის იყო მისი შექმნის დღიდან, დღესაც იმგვარივეა. რაც შეეხება იმერულ კულინარიას – ის სწორედ ღვინის გარშემოა შექმნილი. ამ შემთხვევაში ორიენტირი ღვინოა და არა ადგილობრივი სამზარეულო თავისი მრავალფეროვანი ინგრედიენტებით.

უცხოეთში ცოლიკოურის ღვინოს ნაკლებად იცნობენ. ეს ალბათ იმის გამოცაა, რომ ოჯახური მარნების საქმე უპირატესად კახეთში განვითარდა და ამ რეგიონის ღვინოები უფრო მეტადაა ცნობილი, ვიდრე იმერული. თუმცა ბოლო პერიოდში, იმერეთში საკმაოდ დიდი ნაბიჯებია გადადგმული აქაური მარნების აღორძინების საქმეში, რაც იმედს იძლევა, რომ ცოლიკოურიც ისევე ცნობილი გახდება, როგორც რქაწითელი და საფერავი.

რეალურად რომ ვთქვათ, ცოლიკოურის ღვინო ევროპელი მომხმარებლის გემოვნებასთან საკმაოდ ახლოა და მათ ამ ღვინის მიღება არ გაუჭირდებათ. ამიტომაც ევროპულ ბაზარზე მისი წარმატება გარდაუვალია. პერსპექტივაში კი ამ ჯიშის გაშენება შესანიშნავ შედეგს მოგვცემს იტალიაში, საფრანგეთში და სხვაგანაც, რასაც, რა თქმა უნდა, წინ ნიადაგისა და კლიმატის შესწავლა უნდა უსწრებდეს.


რაც შეეხება ცოლიკოურის ღვინოს – ის მართლაც შესანიშნავია. იმერეთის ძირითადი ნიადაგები, სადაც ცოლიკოურია გაშენებული არის: ყვითელმიწა, ყვითელ-ყომრალი, ნეშომპალა კარბონატული და სუბტროპიკული ეწერი. ნიადაგის ამ ტიპებზე ცოლიკოურის ვაზის ჯიში შესანიშნავ თვისებებს ავლენს. ღვინოში იკვეთება ციტრუსი, მინერალები, ეგზოტიკური ხილი. ღვინო მაჭრობაშიც ძალიან გემრიელი სასმელია და განსაკუთრებით ეხამება კომშსა და ნედლ ნიგოზს. მას აქვს დაძველების კარგი პოტენციალი. 10-15 წლის ასაკში ცოლიკოურის ღვინო შესანიშნავ თვისებებს ავლენს, არის მაღალმჟავიანი, თუმცა დაბალანსებული და ჰარმონიული. ზოგიერთ შემთხვევაში მას უდედოდ, ანუ უჭაჭოდ აყენებენ. ეს ტექნოლოგია და ტრადიცია მხოლოდ ცოლიკოურს არ ეხება და ამგვარი წესი საქართველოში ძველი დროიდანვეა ცნობილი. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ქართულად დაყენება გულისხმობს ჭაჭასთან ერთად დადუღება-დავარგებას.


Total
0
Shares
Prev
My first Vintage – The 4th collection by Wine People, Teliani Collection

My first Vintage – The 4th collection by Wine People, Teliani Collection

“Teliani Valley” and Georgia’s artisan winemakers join the forces to bring rare

Next
TSOLIKOURI – a gift from Imereti

TSOLIKOURI – a gift from Imereti

Tsolikouri is a white wine grape variety from Imereti

You May Also Like