
ნანა ჯოჯიშვილი | IWI Sommelier
კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარება მსოფლიოს დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ტემპერატურის ცვლილებამ გავლენა ყველა კონტინენტზე მოახდინა, შეეხო სოფლის მეურნეობის დარგებს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობას. სწორედ ამ სფეროში გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზებსა და ალტერნატივებზე სასაუბროდ დარგის სპეციალისტები ნოემბრის დასაწყისში, ბერლინში გამართულ პირველ PIWI World Summit 2025-ზე შეიკრიბნენ, რომელსაც მეც ვესწრებოდი.
კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარება მსოფლიოს დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დგას. ტემპერატურის ცვლილებამ გავლენა ყველა კონტინენტზე მოახდინა, შეეხო სოფლის მეურნეობის დარგებს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობას. სწორედ ამ სფეროში გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზებსა და ალტერნატივებზე სასაუბროდ დარგის სპეციალისტები ნოემბრის დასაწყისში, ბერლინში გამართულ პირველ PIWI World Summit 2025-ზე შეიკრიბნენ, რომელსაც მეც ვესწრებოდი.



PIWI International საერთაშორისო ჯგუფია, რომელიც მხარს უჭერს სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლე ყურძნის ჯიშებს. 1999 წელს, ამ ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატორი შვეიცარიელი პიერ ბასლერი იყო. 2004 წელს შეიქმნა ლოგო, 2015 წელს კი PIWI International სამარკო ნიშნად დარეგისტრირდა. საერთაშორისო ჯგუფის მიზანი PIWI ჯიშების შესახებ სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა.
„PIWI International მსოფლიოს 31 ქვეყნიდან ათასზე მეტ წევრ მეღვინეობას აერთიანებს. თითოეული ქვეყანა, რომელსაც PIWI ასოციაცია აქვს, ჩვენი საერთაშორისო ჯგუფის წევრია, ხოლო ქვეყნებიდან, სადაც ასეთი ასოციაციები ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, PIWI International-ში ცალკეული მეღვინეობი არიან გაწევრიანებული. წელს, სამიტის ჩატარების მიზანი, ერთი მხრივ, სხვადასხვა ქვეყნის მევენახეების, მეღვინეების, მეცნიერების, ვაზის სანერგე მეურნეობებისა და ვაზის სელექციონერების ერთმანეთთან დაკავშირება იყო, ცოდნისა და ინფორმაციის გასაზიარებლად, მეორე მხრივ, სამიტზე გამართული დეგუსტაციებით PIWI ჯიშებისგან წარმოებული ღვინის ხარისხის წარდგენა/გაცნობა ბერლინის აუდიტორიისთვის,“ – ამბობს, PIWI International-ის გენერალური მენეჯერი კრისტიან ვალტლი.
2025 წლის სამიტზე ექვსი ქვეყნის – იტალია, ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი – 32 მწარმოებლის ღვინო იყო წარმოდგენილი.
PIWI (Pilzwiderstrandsfähig) სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრად ყურძნის ჯიშებს გულისხმობს, რომლებსაც რთული კლიმატური პირობების მიმართ ბუნებრივი გამძლეობა გააჩნიათ. ამ ჯიშების სელექცია განაპირობა მე-19 საუკუნეში, საფრანგეთში ამერიკიდან შემოსულმა სოკოვანმა დაავადებებმა, რომლებმაც ევროპულ მეღვინეობას დიდი ზიანი მიაყენა. სწორედ მაშინ დაიწყეს ევროპული კულტურული ვაზის და ამერიკული ჰიბრიდული არაკულტურული ვაზის დამტვერვის და სელექციის გზით სოკოვანი დაავადებების მიმართ გამძლე PIWI ჯიშების გამოყვანა.


ტრადიციულ მეღვინეობაში გამოყენებული ვაზის ჯიშები Vitis Vinifera-ს ჯგუფს მიეკუთვნება. ისინი სოკოვანი დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ამერიკული ჰიბრიდული ვაზის ჯიშები. ამ ორი ვაზის ჯგუფიდან ახალი ვაზის ჯიშების გამოყვანის მიზანი მათი საუკეთესო მახასიათებლების ერთ, დაავადებების, ყინვის, მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლე ჯიშში გაერთიანება და ხარისხიანი ღვინის წარმოებაა.
დავით ჩიჩუა | პროფესორი, მეღვინეობა |: ვაზის ჰიბრიდული ჯიშები ეწოდება კულტურული ვაზის Vitis vinifera sativa-ს და ამერიკული Vitis labrusca-ს, ან აზიური Vitis amurensis სახეობების შეჯვარებით მიღებულ ფორმებს. თუმცა უნდა განვასხვავოთ ჭრაქის, ნაცრისა და ფილოქსერას მიმართ გამძლეობის გამო, 150-100 წლის წინათ გამოყენებული ე.წ. პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდული ვაზის ჯიშები და ბოლო 30 წლის განმავლობაში სელექტირებული ახალი თაობის ე.წ. PIWI ჯიშები. პირველი თაობის ჰიბრიდებს დაავადებების მიმართ გამძლეობის გარდა, ახასიათებთ რბილობში პექტინის მომატებული შემცველობა, რაც ღვინოში დიდი რაოდენობით ლექის წარმოქმნის მიზეზია, ხოლო ფერმენტაციის შემდეგ ტოქსიკური მეთანოლის მომატებულ შემცველობას იწვევს. ამის გარდა, ღვინის არომატში დომინირებს ფურანეოლი და მეთილანტრანილატი, რის გამოც, ამ ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოს აქვს გამოხატული სპეციფიკური „ჰიბრიდული“ ტონი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში, რაღაცით ხენდრო მარწყვის სუნს მოგვაგონებს. უმეტესად ძველ ჰიბრიდებს რბილობიც შეფერილი აქვთ და ღვინის ფერიც ახალგაზრდა ასაკში საფერავზე ბევრად მუქია, თუმცა დაძველებისას თითქმის მთლიანად ილექება და ღვინოს მოყავისფრო-სპილენძისფერი შეფერილობა რჩება. რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. PIWI ჯიშებს – გენეტიკაშიც და მორფოლოგიურ თუ ენოლოგიურ მახასიათებლებშიც ამერიკული გავლენა მინიმალურია და თითქმის მხოლოდ დაავადებების მიმართ რეზისტენტობაში გამოიხატება. ევროპული კანონმდებლობით, მათი ღვინის წარმოებისთვის გამოყენება დაშვებულია.

ბატონო დავით, რა არის Malvidin-3-glucosid და რა ცვლილებას იწვევს ღვინოში?
მალვიდინის 3-გლუკოზიდი ევროპული ვაზის ჯიშების ძირითადი საღებავი ნივთიერებაა, ხოლო ამერიკულ ჰიბრიდებში წითელი პიგმენტის 60%-ზე მეტი მალვიდინის დიგლუკოზიდებით არის წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი ვაზის ევროპულ ჯიშებში არ გვხვდება. ამიტომაც ეს ნივთიერება არის „მარკერი“ ამერიკული ჰიბრიდების. ღვინოში მალვიდინის დიგლუკოზიდის 15 მგ/ლ-ზე მეტი შემცველობა ნიშნავს, რომ მეღვინემ მიზანმიმართულად „გააბევრა“ ან „გაამუქა“ თავისი ღვინო ამერიკული ჰიბრიდების შერევით, რაც კანონის დარღვევაა. საინტერესოა, რომ მალვიდინის დიგლუკოზიდი ტანინთან მდგრად პიგმენტს ვერ წარმოქმნის დავარგების პროცესში და სწორედ ამით აიხსნება ჰიბრიდების ღვინის გაუფერულება.
PIWI ჯიშების ღვინოები, როგორც ეკო-მდგრადი წარმოება
პირველად, PIWI ყურძნის ჯიშისგან ღვინოები 150 წლის წინ დააყენეს საფრანგეთში. ამ ჯიშის გამოყენება ევროპულ მეღვინეობებში დიდხანს აკრძალული იყო. 1970 წლიდან, PIWI ჯიშებზე მუშაობა ევროპაში კვლავ დაიწყეს, რისი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემები გახლდათ, რომლებიც პირდაპირ შეეხო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობას. იმ დროიდან, PIWI ჯიშების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
სოკოვან დაავდებებს შორის, განსაკუთრებით გავრცელებულია ნაცარი, რომელიც გამოიხატება თეთრი შეფიფქვით ფოთლების ზედა ნაწილსა და მარცვალზე. იწვევს ყურძნის მარცვლების გასკდომას, ზრდის ხარისხიანი მოსავლის მიღების რისკს. ამ პერიოდში, ვენახს გოგირდის შემადგენლობის ხსნარით წამლობენ.ჭრაქი ასევე ფართოდ გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა ვაზის ფოთლის ქვედა ნაწილზე, რომელიც მოყვითალო, მოლურჯო, მონაცრისფრო წინწკლებით შეიმჩნევა. ამ დროს, მცენარეში წყდება ფოტოსინთეზი და მარცვალში შაქრების მიწოდება. ღვინო გამოდის თხელი, უფერული და დაბალი ხარისხის. მცენარეს სპილენძის შემადგენელი პრეპარატებით წამლობენ.
მევენახეები, ზემოთ ნახსენები ხსნარების გარდა, ხშირად ვაზს უფრო ძლიერ ქიმიურ პრეპარატებს ასხურებენ, რაც ვენახში, სოკოვანი დაავადებების განადგურებასთან ერთად, ეკო-სისტემასაც ანადგურებს. რაც შეეხება ბიო, ბიოდინამიკურ და ნატურალურ მეღვინეობებს, მათ ვენახებში პრეპარატების შეტანა მკაცრად კონტროლირებული რაოდენობითაა ნებადართული.



მეღვინეების PIWI ჯიშებით დაინტერესება განაპირობა ბაზარზე ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტებზე არსებულმა მოთხოვნამ (ამის კარგი მაგალითია დღეს უკვე ტრენდული ნატურალური ქარვისფერი ღვინოები და პეტ-ნატები). PIWI ჯიშები განსაკუთრებით მედეგია სოკოვანი დაავადებების მიმართ. ასეთი ჯიშის ვენახი არ საჭიროებს ისეთ ხშირ წამლობას, როგორც Vitis Vinifera-ს ჯიშების შემთხვევაში, რაც დაახლოებით 75%-ით ამცირებს ქიმიური პრეპარატების გამოყენების აუცილებლობას.
PIWI ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები ეკო-მდგრადი წარმოების ღვინოებად ითვლება. მათ ეკო-მეგობრულ ღვინოებსაც უწოდებენ. დღეს, მდგრადი წარმოება (გერ. Nachhaltige Produktion, ინგლ. Sustainable Production) ყველაზე აქტუალური ტერმინია, რომლის დანერგვასაც დიდი თუ პატარა მწარმოებლები ცდილობენ, და არა მხოლოდ მეღვინეობაში.
კლიმატური ცვლილებების ზეგავლება ყურძნის ჯიშებზე
2024 წელს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა. 1850 წლიდან 2024 წლამდე გლობალური საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 2.47C-ით არის გაზრდილი. ეს ცვლილება აისახა მცენარის ფიზიოლოგიაზე, ვენახში – აგრონომიულ, პროდუქტში კი – ენოლოგიურ მახასიათებლებზე. ჰაერის ტემპერატურის მატებამ, მოსული ნალექების ცვლილებებმა, ატმოსფერული ნახშიროჟანგის გაზრდამ მრავალსაუკუნოვანი ვაზის ვეგეტაციის რიტმი დაარღვია. შეიცვალა ყურძნის სიმწიფის დრო, შაქრების რაოდენობა მარცვალში, დაირღვა მჟავიანობისა და შაქრიანობის ბალანსი, რაც განსაზღვრავს ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს.
კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ვაზში ხდება გაუწყლოება და მცენარე სტრესს განიცდის. PIWI ჯიშებს ამ მხრივ მაღალი რეზისტენტობა გააჩნია.
საერთოდ, გერმანია, მეზობელ ღვინის რეგიონებთან შედარებით, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა, ნაკლებად ცხელ რეგიონად ითვლება. წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იყო ღვინის რეგიონ რაინგაუში. იგივე რეგიონში, ივნისის შუა რიცხვებში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტიდან რუდესჰაიმის ცნობილ ტერასებზე გაშენებული რისლინგის ვენახები მოვინახულეთ. ამ პერიოდში, ვაზი მაღალი ტემპერატურისგან გამოწვეული სტრესის ქვეშ იყო. წყლის წვეთოვანი სისტემა ბევრი მეღვინეობისთვის დიდი ფუფუნება, ამასთან, დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებაც მოითხოვს გერმანიაში.

რისლინგი გერმანიის წამყვანი თეთრი ყურძნის ჯიშია, რომელიც ცნობილია მისი სასიამოვნო მაღალმჟავიანობით. გაზრდილი ტემპერატურის ფონზე, ხშირად ისმის კითხვა: რამდენად იმოქმედებს კლიმატური ცვლილებები ამ ჯიშზე, შეუცვლის თუ არა სტილისტიკას მის ძირითად ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ან ალტერნატივა?
გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორ მანფრედ შტოლის თქმით, „რთული წარმოსადგენია, რეგიონს, რომელსაც რისლინგის ჯიშისგან ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, მოუწიოს ამ ჯიშთან დაემშვიდობება. მისი სხვა ჯიშით მთლიანად ჩანაცვლებაც რთულად წარმოსადგენია. რაინგაუს რეგიონში არაერთი მეღვინეობაა, რომლებსაც რისლინგისგან ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები გააჩნია, მაგალითად, მეღვინეობები Schloss Johannisberg და Schloss Vollrads.
საბედნიეროდ, დღეს, გერმანული მეღვინეობების ჩამონათვალში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ვიპოვნით PIWI ჯიშებს, მათ შორის, პირველ გერმანულ წითელყურძნიან Regent-ს, რომლის ფართობი ამ ეტაპზე, მხოლოდ 2500 ჰექტარია. ფართობის მხრივ, ასეთ ჯიშებს გერმანიაში ძალიან მცირე ადგილი უკავია. საინტერესოა, რომ მეზობელ ქვეყნებში გერმანულ PIWI ჯიშებზე მოთხოვნა მაღალია, მათი დიდი ნაწილი ექსპორტზე იტალიასა და საფრანგეთშიც კი გადის.
ამ ჯიშების გაშენება გერმანიაში ოფიციალურად დაშვებულია. ჩვენი ღვინის კანონის მიხედვით, თითოეული ბუნდესლანდი განიხილავს რეგიონში დასაშვებ PIWI ყურძნის ჯიშებს, რაც ერთგვარად ხელს უწყობს ამ ჯიშების გაძლიერებასა და ცნობადობის გაზრდას.”
დღეს, ევროპაში, ყველაზე გავრცელებული PIWI ჯიში Cabernet Blanc-ია, ასევე Souvignier Gris, Solaris, Muscaris და Johanniter. წითლებში – Regent, Pinotin, Cabernet Cortis, Prior და Satin Noir.

კლიმატურმა ცვლილებებმა ღვინის ძველი ქვეყნების მეღვინეებს პრობლემები შეუქმნა. ამის პარალელურად, მსოფლიო რუკაზე ახალი ღვინის ქვეყნები გაჩნდა, განსაკუთრებით ევროპის ჩრდილოეთით, სადაც ნახევარი საუკუნის წინ, ღვინის საწარმოებლად შეუსაბამო კლიმატური პირობები იყო. ამის მაგალითია დანია, ნორვეგია, ინგლისი. აქამდე, ჩემს მიერ გასინჯული საუკეთესო PIWI ჯიშისგან დაყენებული ღვინო სწორედ ერთ-ერთი დანიური მეღვინეობის სოლარია/ Solaris, ფასი: 34 ევრო.
ქართული ვაზის ჯიშების მედეგობა კლიმატური ცვლილებების მიმართ
საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ PIWI ჯიშების გამოყენებას კრძალავს. მწარმოებელს მხოლოდ კულტურული Vitis Vinifera-ს ჯიშების გამოყენება შეუძლია. საქართველოში გავრცელებულმა ყურძნის ჰიბრიდულმა ჯიშებმა – ადესა/იზაბელამ გურიაში, ვაქირულამ – კახეთში, დირბულამ – ქართლში 90-იან წლებში საქართველოს ვენახები განსაკუთრებით მოიცვა, რაც იმ დროს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის შეფერხებით იყო გამოწვეული. ამ ჯიშების გავრცელების არეალის ჩანაცვლება ქართული კულტურული ვაზით ბოლო 15 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს, PIWI-ის ყურძნის ჯიშებს საქართველოში ვერ შეხვდებით. ეს თემა დახურულია, რაც ერთგვარად განაპირობა ზემოთ ნახსენები სამი ჰიბრიდული ჯიშის ინტენსიურმა გავრცელებამ, რამაც საფრთხე შეუქმნა ქართული ენდემური ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას.
ქართული ჯიშების მრავალფეროვანი გენოფონდი საქართველოში რეგიონებისა და ტერუარების შესაბამისადაა გადანაწილებული, რაც მეტნაკლებად ითვალისწინებს დაავადებების მართვის კონტროლს ვენახში. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებებები ქართველ მევენახეებსაც უქმნის პრობლემას.
გიორგი სამანიშვილი | ენოლოგიის მაგისტრი |: უნდა აღვნიშნო, რომ რეზისტენტული ჯიშების მიმართულებით საქართველოში მართლაც გვაქვს ჩამორჩენა და აქ კანონი მეორეხარისხოვანია. კანონი კრძალავს არაევროპული ჯიშების ან ჰიბრიდების გაშენებას კომერციული მიზნით, მაგრამ უშვებს ექსპერიმენტული ან სამოყვარულო მიზნებისთვის. ასე რომ, ყველა დაინტერესებულ მკვლევარს შეუძლია, ამ ჯიშების საცდელად გაშენება მცირე თუ დიდი რაოდენობით. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჩვენი რეგიონების კლიმატურ პირობებში უცხოური რეზისტენტული ჯიშების კვლევები ფაქტობრივად არ ხდება. და უფრო მნიშვნელოვანი – არ ვმუშაობთ ქართული ტრადიციული და გამორჩეულად კარგი ჯიშების შეჯვარებაზე სხვა რეზისტენტულ ფორმებთან, რათა გამოვიყვანოთ ქართული რეზისტენტული, ანუ ქართული ე.წ. PIWI ჯიშები.

ყველა ვხვდებით, რომ ათწლეულების შემდეგ, გლობალური კლიმატური ცვლილებების და მომავალში პესტიციდების მეტად შეზღუდვის გამო, ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ძალიან გაგვიძნელდება. თუ დღესვე არ დავიწყებთ ალტერნატიული ჯიშების მოძიება-გამოყვანაზე მუშაობას, მოგვიწევს დავემშვიდობოთ ჩვენს საამაყო ჯიშებს და ისინი სხვა რეგიონების PIWI ჯიშებით ჩავანაცვლოთ, რაც ნამდვილად არ არის გამოსავალი.
ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ახალ ჯიშებზე მუშაობა დღეს, ხოლო თუ კვლევისას გამოიკვეთება საინტერესო ფორმები, შეგვიძლია, შედარებით დიდ ფართობებზე მათი გამოცდაც. კანონი ამას არ ზღუდავს, ხოლო თუ სადმე რაიმე დაბრკოლება გამოიკვეთება, კანონმდებლობაში ცვლილებაც არ არის რთული, მითუმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.
კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ქართული ჯიშებიდან ახალი ფორმების გამოყვანა მიმაჩნია ყველაზე დიდ გამოწვევად და არ მივესალმები უცხოური PIWI ჯიშების კვლევების გარეშე შემოტანას და გავრცელებას ქართულ მეღვინეობაში.
ქართული ვაზი ჯიშების გვალვის მიმართ გამძლეობას-თან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალების კვლევის სამსახურის უფროსის და მევენახეობასა და ვაზის სელექციის მიმართულებით აგრარული უნივერსიტეტის დოქტორის თეკლე ზაკალაშვილის მიერ ჩატარებულ კვლევაში კულტურულმა ვაზის ჯიშმა მგალობლიშვილი მაღალი მედეგობა აჩვენა. მისი კვლევის ინსპირაცია იტალიელი მეცნიერის ლაურა ტოფოლატის მიერ ჩატარებული კვლევა იყო. ამავე კვლევისთვის, ტოფოლატიმ PIWI ჯიშებთან ერთად, მგალობლიშვილიც შეარჩია. კვლევამ აჩვენა, რომ გვალვის მიმართ გამძლეობით მგალობლიშვილი ზემოხსენებულ ჯიშებს არ ჩამოუვარდება.
„როგორც ვიცით, ვაზის საძირე განაპირობებს გვალვაგამძლეობას. რაც შეეხება მზის დამწვრობას და მთლიანად წყლის სტრესისადმი მედეგობას, ჩემს კვლევაში საინტერესო შედეგები აჩვენა ისეთმა ჯიშებმა, როგორიც მგალობლიშვილი, რქაწითელი და ცოლიკოურია. საქართველოს კანონის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ მიხედვით, ღვინო უნდა დაყენდეს Vitis vinifera-სგან, ანუ კულტურული ჯიშებისგან. ვინაიდან PIWI ამერიკულ, ან სხვა სახეობის გენეტიკურ ნაწილსაც შეიცავს, ამ ეტაპზე, საქართველოში მას კომერციულ წარმოებაში არ იყენებენ. საპირწონედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულ ჯიშთა გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მოგვცემს საშუალებას, კულტურული ვაზებიდანაც გამოვყოთ შედარებით რეზისტენტული, დაავადების მიმართ ნაკლებსენსიტიური ჯიშები. ლაურა ტოფოლატის კვლევის ფარგლებში ჩანს, რომ მგალობლიშვილს აქვს უნიკალური რეზისტენტობა სპეციალური ლოკუსების (ქრომოსომის უბანი, რომელშიც ლოკალიზებულია რომელიმე კონკრეტული გენი) გამო. ამავე ჯიშზე კვლევები ჩატარებული დევისის უნივერსიტეტსა (კალიფორნია) და მილანის უნივერსიტეტში,“ – ამბობს თეკლე ზაკალაშვილი.
PIWI ჯიშების უპირატესობები და გამოწვევები
ეკონომიკურ და ეკოლოგიურ კონტექსტში PIWI ჯიშებს თავისი უპირატესობები გააჩნია: ნაკლები წამლობა უნარჩუნებს ვენახს ბიო-მრავალფეროვნებას, შესაბამისად, მეღვინე მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ პროდუქტს; ტექნიკის ნაკლები გამოყენებით ამცირებს ნიადაგის სტრუქტურის დაშლას და CO2-ის გამოყოფას; დაავადებების მიმართ რეზისტენტობა ამცირებს მოსავლის მიღების რისკებსა და ხარჯებს. „სამომავლოდ, ჩემი ვენახის, რომელიც 16 ჰექტარ ფართობზე მაქვს გაშენებული, მთლიანად PIWI ჯიშებზე გადაყვანას ვგეგმავ. ეს დამოკიდებულია ინტერესსა და მოთხოვნაზე როგორც HoReCa სექტორის, ისე მაღაზიების მხრიდან. რაც ეხება ტრადიციული ყურძნის ჯიშების PIWI ჯიშებით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას – ეს კლიმატური ცვლილებებით განპირობებული პროცესია. როგორც სხვა სფეროებში, მეღვინეობაშიც სიახლისა და ცვლილებებისთვის ღია უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, თუ ეს ცვლილებები უკეთესია ბუნებისთვის და ეკოლოგიისთვის.
როგორც იცით, ევროპაში, 2030 წლისთვის, ვენახში მცენარეთა დაცვის საშუალებების შეტანა 50 %-ით შეიზღუდება, რაც ტრადიციული ყურძნის ჯიშებით ღვინის წარმოებას გაართულებს, განსაკუთრებით ბიო-მეღვინეობებში. ტრადიციული ჯიშების PIWI ჯიშებით ჩანაცვლებით ჩემს შვილებს სამომავლოდ გავუმარტივებ გზას,“ – ამბობს ავსტრიელი მეღვინე ჰარალდ ლილეგი, მეღვინეობა Kollerhof-დან.

PIWI World Summit 2025-ის გამომსვლელებს შორის იყვნენ ღვინის ბაზრის ექსპერტები, რომელთა აზრით, PIWI ჯიშებისგან წარმოებულ ღვინოებს ევროპული ბაზრების 20-30 %-მდე ათვისება უპრობლემოდ შეუძლიათ.

თეთრი PIWI ჯიშების უმრავლესობას მაღალი მჟავიანობა ახასიათებს. ამის დასაბალანსებლად, მეღვინეებმა სხვადასხვა ხერხს, მათ შორის, ლექზე ან კასრში დავარგებას მიმართეს და უნდა ავღვნიშნო, რომ საკმაოდ ეფექტურად, რამაც განსაზღვრა კიდეც ღვინის ფასი: უჟანგავ ფოლადში დაყენებული ღვინის საშუალო ფასი 8 ევრო გახლდათ, ხოლო ლექზე და 12 თვე (და ზემოთ) კასრში დავარგებულის – 13 ევრო. სამიტის ფარგლებში გავსინჯე ღვინოები, რომელთა ფასიც 19 ევროდან იწყებოდა. საინტერესო იყო PIWI ჯიშებისგან წარმოებული ცქრიალა ღვინოების დაგემოვნება. ჯიშური მჟავიანობიდან გამომდინარე, ასეთ ჯიშებს განიხილავენ როგორც კარგ ალტერნატივას ცქრიალა ღვინის საწარმოებლად. საინტერესო იყო იმის აღმოჩენაც, რომ სამიტის მონაწილე მცირე მეღვინეობების ნაწილს ვენახები სრულად PIWI ჯიშებით აქვთ გაშენებული, საშუალო სიდიდის მწარმოებლების ვენახებში კი (მაგალითად, 10-15 ჰექტარი) PIWI ჯიშებს 20-25% უკავია.


სამიტზე, ღვინის ბაზრის სპეციალისტების მხრიდან მეღვინეებისთვის მთავარი მესიჯი მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია და მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევა გახლდათ. ბერლინში გამართულმა ორდღიანმა სამიტმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევაზე – კლიმატურ ცვლილებების მართვა/შეჩერებაზე შეთანხმდება მსოფლიო, მანამდე PIWI ჯიშები მომავლის ალტერნატივად რჩება.